სიძულვილი და მისი ენა

I killed them all

განსხვავებულის მოკვლა ღირსებას ამაღლებს

ჩვეულებრივი ორშაბათი იდგა. ყველაზე გაწელილი სამუშაო დღე. უნივერსიტეტიდან ავტობუსით ვბრუნდებოდი სახლში ჯგუფელ მეგობართან  ერთად. ჩემ ადგილას ფეხმძიმე ქალი დავსვი. როგორც ხდება ხოლმე, ათას რამეს მივედ-მოვედეთ. 17 მაისის მოვლენები ახალი ჩავლილი იყო, თუმცა მისი განუკითხაობის სურნელი იმ დღესაც ტრიალებდა ოფლიან ავტობუსში. მწუხარება გამოვთქვი, აზრის დასაფიქსირებლად ლგბტ პირების და მათი მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე (შემდეგ მედიაში როგორც უწოდეს – გეი პრაიდზე) რომ ვერ მივედი. მეგობარმა (მორწმუნე გოგოა): – ისეთები გავიდნენ მაგ აქციაზე, ვინც გეია ან მიდრეკილება აქვსო. გამეცინა, ოღონდ ისე, მწარედ გაცინებას რომ ვეძახით  და სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებდი, ფეხმძიმე ქალმა დამასწრო: – გასაჟუჟია ერთიანად ყველაო -აღმოხდა – ერთად უნდა შეყარო და ცეცხლი წაუკიდოო. გავოცდი: – თქვენ ხომ მალე დედა გახდებით და შესაძლოა თქვენი შვილი განსხვავებული ორიენტაციის იყოს-თქო. პირჯვარი გადაიწერა: -ღმერთმა დამიფაროს, მირჩევნია ნარკომანი იყოს, ვიდრე – ცისფერიო.

აი, ასე იყო. გაჩერებაზე ჩამოვედით და დავფიქრდი, რამხელა სიძულვილს ატარებდა ეს ქალი გაუცნობიერებლად. წარმოვიდგინე, როგორ გაზრდიდა შვილებს. როგორ ჩაუნერგავდა ბავშვებს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც მის სტანდარტებში არ ჯდებიან, გასაჟუჟია, ერთიანად ამოსაწყვეტი. მაგრამ იმედი მაინც დავიტოვე, რომ ოჯახის გარდა მისი შვილები სხვა გარემოშიც გაიზრდებიან, ისწავლიან ადამიანის ფასს, ადამიანობას, დაინახავენ, რომ განსხვავებული ორიენტაციის პირები, წამალდამოკიდებულები, დაავადებულები საძულველნი არ არიან.

ეს ქალი  საზოგადოების ის ნაწილია, ბრბოდქცეული ბრმად რომ უჯერებს მოძღვარს – თავისი არსით გზის მაჩვენებელს.  სწორედ ეს მოძღვრები, ”ღვთის და კაცის სათნო ხიდები,” უბიძგებენ ამ ბრბოს იმ უკეთურებისკენ, რისი მომსწრენიც გავხდით 17 მაისს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ერთურთის ზიზღი ისედაც  საკმაოდ მომძლავრებულია ჩვენში ( არადა, ანტიქრისტეს გარეთ ვეძებთ). გვძულს ყველა – სქესობრივი უმცირესობის წარმომადგნელები, წამალდამოკიდებულები, აივით,  C ჰეპატიტით, დაუნის სინდრომით და სხვა მსგავსით დაავადებულები, პატიმრები. ვდამღავთ, ვამცირებთ და ვამდაბლებთ ადამიანებს. ყველა შემთხვევაში, ვფიქრობ, შიშია უმთავრესი საფუძველი იმ სიძულვილისა, რაც მოთესილია ასე მჭიდროდ მთელ ჩვენს სხეულში. შიში განსხვავებულობის. უმეტესად კი იმის გვეშინია, რაც არ ვიცით, რაშიც ”ჩახედულები არ ვართ”.  ასე იყო ჩემთვისაც – სკოლაში საოცრად მეშინოდა და მძულდა კოორდინატები და გრაფიკები – არ ვიცოდი, თავიდან სწავლა გამიჭირდა და იმიტომ. ისტორიაც ხომ სავსეა შიშების და ბრმადმორწმუნეობის საფუძველზე დაშვებული შეცდომებით.

არც თუ ისე შორეულ წარსულში, ეპილეფსიით დაავადებულების ისე სასტიკად გვეშინოდა, რომ მათ ეშმაკისეულად მივიჩნევდით, ვდევნიდით და ვწვავდით კიდეც. ასეთსავე მდგომარეობაში იყვნენ თავისუფალი ქალები. ქალები, რომლებსაც შეეძლოთ მამაკაცისგან დამოუკიდებლად ეცხოვრათ, აზრი გამოეთქვათ გარკვეულ საკითხებზე ან ეჭვი შეეტანათ მის ჭეშმარიტებაში – ესენი გრძნეულებად, კუდიანებად შევრაცხეთ. ვდევნიდით სხვა ადამიანებს რასისა თუ რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით.

დღევანდელობაში, ამ პრობლემების ისევ აქტუალურობასთან ერთად, ვებრძვით რა ნარკომანიას, ვებრძვით ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს, ვტანჯავთ მათ ათასგვარი საშუალებით, ნაცვლად იმისა, ხელი შევუწყოთ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. ვსჯით ნარკომომხმარებლებს, ციხეებში ვსვამთ მას შედეგ, რაც სახლ-კარს, სარჩო საბადებელს გაყიდიან და მეტ სარგებელს ვეღარ ნახულობს სახელმწიფო ”ჯარიმების დაწესებულება”.

თვალსაჩინო და ნათელია აივითა და C ჰეპატიტით დაავადებულთა სტიგმატიზაცია-დისკრიმინაცია. ეს პირები ხშირად რჩებიან უმეგობროდ, უნათესავებოდ, უმზრუნველოდ, ყველასგან მოწყვეტილები. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო აძლიერებს იმ ტანჯვას, რასაც განიცდიან დაავადებული პირები, მალავენ თავიანთ დაავადებას, ეწევიან კარჩაკეტილ ცხოვრებას. ჩვენ კი, ვერც წარმოგვიდგენია, რომ ერთ დღესაც, შეიძლება, ჩვენ აღმოვჩნდეთ მათ მდგომარეობაში. არად გვადარდებს მათი ყოფა და მათთან მეგობრობის, ძველებური ურთიერთობის გაგრძელებას, ავადმყოფთა სიძულვილს ვამჯობინებთ.

დისკრიმინაცია

ავადმყოფობადვე ვნათლავთ და ზიზღნარევი გრძნობით ვუყურებთ, აგრეთვე, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს. თუმცა, აქ უნდა აღვნიშნო, საეკლესიო პირებთან, მედიასთან, ქართულ ბრბოსთან ერთად დამნაშავე თავად ე.წ. დაქამინგაუთებული ლგბტ პირები არიან. არ მახსოვს, ერთეული შემთხვევების გარდა, ასეთ პირს ქამინგ-აუთი გაეკეთებინოს და დრამატული ისტორია არ შეეთხზას იმის თაობაზე, თუ რატომაა გეი, ლესბი, ბი- თუ ტრანსსექსუალი – ყველაფერ ამას ან გაუპატიურებას უდებს საფუძვლად, ან ოჯახურ გარემოს, სადაც აღიზარდა ან მსგავს რაიმეს. ეს ადამიანები, ალბათ, საზოგადოებაში ”საცოდავის” სახელის მოხვეჭას უფრო ცდილობენ, ვიდრე თავიანთი ორიენტაციის გამართლებას. რცხვენიათ იმის, რაც არიან, კარგავენ პიროვნულობას, თუმცა ჰეტეროსექსუალად ქცევა არ შეუძლიათ. ჰგვემენ საკუთარ თავს და გვიანღა ხვდებიან, ან საერთოდ ვერა, რომ ასეთებად დაიბადნენ, განსხვავებული ორიენტაციით, განსხვავებულები და ეს არაა მათი არჩევანი. თვითგვემის ბაზისი იმ სოციუმში გამეფებული შეუბრალებლობაა, რომელშიც გაიზარდნენ და უწევთ ცხოვრება. ამ სოციუმის თვალსაზრისით კი ჰომოსოქსუალობა გადახრა, დარღვევა ან საშინელი, გადამდები და მომაკვდინებელი დაავადება (მიუხედავად იმისა, რომ დაავადებად რაცხავენ, მაინც არ ერიდებიან მისდამი სიძულვილის გამოხატულებას), რაშიც მწარედ ცდებიან.

ავადმყოფობა, დარღვევა და გადახრაა სწორედ ის ბრმადმორწმუნეობა, ”ცარიელი ჭურის სინდრომი” რომ ჰქვია. ავადმყოფობაა სწორედ ის გაუთვითცნობიერებლობა და სიძულვილი, ერთმანეთის მოკვდინებისკენ, სოციუმისგან სხვისი მოწყვეტისკენ რომ გვიბიძგებს.

სიძულვილია სწორედ ავადმყოფობა, რომელიც გვერევა! შინაგან სამყაროს ანადგურებს! სიძულვილია ის, რაც გვამძიმებს! სიძულვილია თავი და თავი ბოროტებისა. სწორედ ის გვაკარგვინებს ადამიანობას!  ბოროტებაა კაცთმოყვარეობის კანონების დარღვევა.

ეს არის ავადმყოფობა! ავადმყოფობა, რომელსაც სიბნელისკენ მივყავართ და მინოტავრის ლაბირინთში დაკარგულივით უშედეგოდ ვეძებთ გასასვლელს. უშედეგოდ, რადგან გასასვლელი კარი იმთაივითვე ჩვენვე ჩავრაზეთ და გასაღები შორს მოვისროლეთ.

ამას ჰქვია სწორედ ავადმყოფობა, გონებადაბინდული რომ მივდევთ ჩირაღდნიანს და არ ვიცით, წინამძღოლი ბრმაა თუ მხედველი. ავადმყოფობაა სწორედ ის ფანატიზმი, ასე ღრმად რომ გაგვჯდომია სხეულსა და სულში. ავადმყოფობაა ბეწვის ძიება ძმის თვალში საკუთარი დირიანი თვალებით. ავადმყოფობაა იმ თავისუფლების ნებაყოფლობითი კარგვა, თავის ”უყუდნელობას” რომ გვიქადის.

დროა შევიგნოთ:

რომ ჰომოსექსუალობა არ არის დაავადება. არ არსებობს მისი გამომწვევი მიკროორგანიზმი. არც გენეტიკური დარღვევაა, არც ჰორმონალური, არც ფსიქოლოგიური – არ ცხოვრობს ამ ადამიანებში კატა, რომელიც ჰომოსექსუალურ ქცევას ჰკარნახობს. დაიბადნენ ასეთებად, იმთავითვე იყო მათში განსაზღვრული, რომ მათი სქესობრივი ინტერესები მიიმართბოდა თავისი სქესის წარმომადგნელისკენ.

რომ ნარკომანია საშინელი სენია, მაგრამ ნარკომანიით დაავადებული ადამიანები არ არიან დამნაშავეები, თავს რომ ვერ აღწევენ მის მარწუხებს. არ არიან საშიშნი და არ ცდილობენ ჩვენს ჩათრევას მის სიღრმეებში (განსხვავებით ნარკოგამსაღებლებისგან!).

რომ აივით, C ჰეპატიტით დაავადებულებს ისედაც ჰკლავს ეს დაავადებები და ზედმეტია ჩვენი წიხლი. ჩვენგან მხოლოდ მხარდაჭერაა საჭირო და არა თითის გაშვერა, მათი მოწყვეტა ჩვენი თვალსაწიერიდან.

უკვე დგას დრო, ფართოდ გავახილოთ მჭიდროდ დახუჭული თვალები, დავინახოთ რეალობა, მოვიპოვოთ დამოუკიდებელი აზროვნება, დავსვათ სათანადო კითხვები ჩვენთვის გაუგებარ საკითხებზე, ვისწავლოთ თანადგომა და ლმობიერება, პატივი ვცეთ სხვასაც და საკუთარი ეგო არ დავაყენოთ იმაზე მაღლა, ვიდრე იმსახურებს. დროა განვვითარდეთ და ვიყოთ ადამიანები! დროა, ვისწავლოთ სიყვარული!

students clubmedicins du monde

P.S. თანამედროვე კვლევებით, ლგბტ პირთა, პატიმართა, ნარკომომხმარებელთა , აივითა და C ჰეპატიტით დაავადებულთა დისკრიმინაცია განსაკუთრებით მაღალია უნივერსიტეტების ისეთ ფაკულტეტებზე, როგორიცაა სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტები. ამათგან პირველნი, დებენ რა ექიმის ფიცს, სრულიად თავისუფალნი უნდა იყო სუბიექტური მოსაზრებებისგან პაციენტების მიმართ; გარდა ამისა, გათვითცნობიერებული უნდა იყონ ზემოთ ჩამთვლილ საკითხებში.

მეორენი – არიან რა უფლებადამცველნი, დისკრიმინაციის ნებისიერი გამოხატულება ეჭვქვეშ აყენებს მათ პროფესიონალიზმს. წარმოიდგინეთ კანონის დამცველი, რომელიც თავად არღვევს ადამიანის უფლებებს.

P.P.S. საოცარი ერი ვართ. რაღა შორს წავიდე და ისევ წლევანდელ მოვლენებზე: ლგბტ პირთა აქციის დასარბევად 40000-ზე მეტი ქართველი, ნამდვილი მამულიშვილი გამოვიდა, ერთმორწმუნე რუსეთის ოკუპაციის აღსაკვეთად მიმართულ აქციაზე კი 40 კაცმა ძლივს მოიყარა თავი.

Categories: კონ-COURSE-ი | 3 Comments

Post navigation

3 thoughts on “სიძულვილი და მისი ენა

  1. barnabasblogi

    ნამეტანი მომეწონა ნააზრევი შენი ^_^ (ლექსად)

  2. ამ ხალხს მაინცდამაინც უნდათ რო ავადმყოფი ეძახოს ვიღაცას და ვუთხრათ რომ ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანს დაუძახონ ავადმყოფი და ამით დაიკმაყოფილონ მოთხოვნილება. ყველაფერი კარგად იქნება და ყველა მხარე ბედნიერი

    • მე ეჭვი მიჩნდება, რომ ლგბტ პირების უმეტესობასაც უნდა თავად, რომ ავადმყოფის სახელით მოიხსენიებდნენ. აღვნიშნე კიდეც ზემოთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: