ბროწეულებიანი ქალი და საახალწლო ნუგბარი, სახელი რომ არ ვიცი

corn field

ზაფხული რომ მიიწურებოდა, შემოდგომის სურნელი რომ მოედებოდა ღობე- ყორეებს,  მეზობლის ქალი კი კბილების კაწკაწით რომ შესცქეროდა ჯერ უმწიფარ ბროწეულებს, აი, ის დღეები მიყვარდა ბავშვობაში.

მაშინ ფერადი დღეები იდგა. სიზმარივით. თხილის წკეპლას რაპირად გარდავსახავდი და ვებრძოდი სარეველა მცენარეებად ქცეულ ბოროტ მეომრებს. ვაგებდი რიყის ქვის კოშკებს, ვაგროვებდი ჩიტების ბუმბულებს, კაჟებს, თოფებად ვჭრიდი კაკლის გამხმარ ტოტებს და ჩემი ძმების მიერ გაძარცვულ არსენალს ვუმატებდი. განვმარტოვდებოდი და დიდხანს ვუყურებდი თეთრ, ათასფორმიან ღრუბლებს ან მუქლურჯ ცას. ხანდახან, როცა კოკისპირულად წვიმდა, გავიჭრებოდი ეზოში  და ელ-ჭექის მიუხედავად, დიდხანს დავრბოდი ფეხშიშველი. ვინ იცის, რამდენჯერ მივუტყეპივარ დედას ამის გამო.

ეს იყო ზაფხულს. მერე კი შემოდგომით გაბრუებულს აღარც მახსოვდა ჩემი კოლექციები და სავარაუდოდ, დალაგების პროცესს ეწირებოდა საბოლოოდ ყველაფერი. აღარ მახსოვდა იმიტომ, რომ ყველაზე მაგიური პროცესი იწყებოდა – ყანების რჩევა. აგვისტოს ბოლოს მოჭრილი და ქუბებად შეკოწიწებულ სიმინდის ღეროებზე ჯერ კიდევ არაა  ფოთლები გაცეცხლისფერ-გახუნებული და ათასგვარი ფერადობით ჭრის თვალს. არ მახსოვდა კიდევ იმიტომ, რომ სიმინდის ტაროები იყო იმ ერთადერთი ნუგბარის დამზადების აუცილებელი წყარო, ასე რომ მიყვარდა საახალწლო სუფრაზე.

არ ვიცი, რომელიმე კუთხურ კულტურაში დანამდვილებით თუ არსებობს ეს ტკბილეული, მაგრამ მისი გემო, დაუვიწყარი სურნელი და ჭამის პროცესის გარიტუალება ახლაც ნათლად ახსოვს ჩემს გონებას, მიუხხედავად იმისა, რომ პატარაობის შემდეგ არ მიჭამია. მის მომზადებასაც კი ჯადოქრული ელფერი ედო:

წამოვაქცევდით ქუბებს, გადავშლიდით. დატრიალდებოდა ზღაპრული სუნი და მასში გახვეული ვეძებდი ყველაზე გრძელ ტაროებს. საჩალე მასაში შემალულებს, ზაფხულის ჭყინტ ქურდბაცაცობასა და მდუღარე ქვაბებს გადარჩენილთ, გადავუსვამდი პატარა სარჩევ დანას, ვათავისუფლებდი ზედაპირულისგან, შიგნითა ფურცლებისგან  კი ბოლოზე მარყუჟს ვკრავდი. მერე, სახლში წამოსვლის დრო რომ დადგებოდა, ავაცვამდი თოკზე და კარგი ნანადირევივით წელზე შემოვიხვევდი ორ ან სამ ასხმულას.

სიმინდის ტარო

სახლში მიტანილთ ქარისგან ადვილადმისადგომ ადგილას კიდებდა დედა კარგად გამოსაშრობად. თუმცა, სიმინდის ტაროსთვის  დამახასიათებელი ის  არაჩვეულებრივი სურნელი მაინც არ გადიოდა მიუხედავად იმერული ძლიერი ქარებისა.

კარგად რომ გამოშრებოდა, ჩამოხსნიდა და შინ ინახავდა ფელამუშის მომზადებამდე (ფელამუშს ორგვარად ამზადებენ ჩვენთან: ერთს – მხოლოდ სიმინდის, ხოლო  მეორეს- სიმინდისა და ხორბლის ფქვილით).

მეზობლის ქალს უკვე მზად ჰქონდა ჭურჭელი ბროწეულებისთვის. თასები, ვედროები, შვიდი შვილის (გადავთვალე) აღმზრდელს, რაც გაყიდვას გადაურჩა.

Pomegranate_close_up

დადგებოდა ეს ნანატრი დღეც. გარჩეულ თხილისა და კაკლის გულებს, გოგრის (კვახის) მარცვლებს ააცვამდნენ ძაფებზე და იდგა ერთი ჟრიამული. დედა იღიმოდა. ბებია ათასი სიტყვით გვეფერებოდა, ოღონდაც რამე არ დაგვეშავებინა. მერე გამოვიტანდით სათანადოდ შენახულ სიმინდის ტაროებს და პირველად მათ ვავლებდით ფელამუშში.  ძირს რომ არ დაწუწულიყო, მე და ჩემი ძმები ვისხედით ჩვენი თეფშებით  ოხშივარადენილი ტაროების  ასხმულას გასწვრივ და უსაზღვრო სიხარულით ველოდებოდით იქიდან ჩამოდენილ ფელამუშის თითოეულ წვეთს. თითო ტაროს ორჯერ მაინც ჩააწებდნენ ქვაბში. შემდეგ ნიგვზის დრო დგებოდა, მერე – კვახის მარცვლების და ბოლოს – თხილის. ამ უკანასკნელს, რატომღაც ერთხელ უშვებდნენ ფელამუშიან ქვაბში (ასეთ ჩურჩხელას ჯანჯუხას/ჯანჯუხს ეძახიან იმერეთში) და ამ თხელ ფენაში სათითაოდ, ყოველგვარი ძალისხმევით დაითვლიდით თხილის გულებს. ალბათ, ამიტომაც.

მეზობლის ქალი კი ამ დროს მოიხურავდა შავ თავშალს და დიდი მონდომებით კრეფდა ბროწეულებს. თავისასაც, სხვებისასაც. რომ გეკითხათ, ყურში კარგად არ ესმოდა, თუმცა ბროწეულების კრეფაში ხელს ეს არ უშლიდა. თვალსაც აკლდა, ოღონდ ბროწეულებს კარგად ხედავდა – გახლეჩილებს და წუნიანებს ხელს არ ახლებდა.

სანამ  ქალი შემოდგომის ამ გვირგვინებს ყიდდა, სოფელში შრებოდა ჩურჩხელები, ჯანჯუხები და ის ნუგბარი, სახელი რომ არ ვიცი. ამ უკანასკნელს, გაშრებოდა თუ არა ჩამოვხსნიდით, ტილოში ახვევდა დედა და ტილოშივე გახვეულ კარალიოკის ჩირებთან ინახავდა საახალწლო სუფრისთვის.

ჯანჯუხები

ჯანჯუხები (სურათი აღებულია: tataglonti.blogspot.com)

მერე დადგებოდა ახალი წელი. დაიწყებოდა გაუთავებელი სუფრები. მეკვლეობა. მეზობლიდან მეზობლის სახლში ქეიფი, მღერა და მოლხენა.

აი, იმ მეზობლის ქალს, შავთავშალმოხვეული რომ კრეფდა ბროწეულებს, განსაკუთრებული სუფრა ჰქონდა ყოველი წლის პირველ დღეს. დღემდე არ ვიცი რატომ ან რა მიზიდავდა, მაგრამ მასთან ყოველთვის მეგულებოდა ის მცირე ელემენტი, ასე რომ აკლდა ყველას. ალბათ, უზარმაზარი ოჯახი ან ამ დღის განსაკუთრებული სიყვარული.

Categories: საგლეხო | Tags: , , , , , , , | 7 Comments

Post navigation

7 thoughts on “ბროწეულებიანი ქალი და საახალწლო ნუგბარი, სახელი რომ არ ვიცი

  1. Rusa

    ჩემთვის ბროწეულები ჩემთან ასოცირდება, ანუ ჩემს ბლოგთან🙂 უკვე აღარ მახსოვს, ადრევე იყო ასე ძვირფასი და იმიტომ ვიყენებ დღემდე “ჰედერად” თუ თავიდან უბრალოდ მისი სილამაზის და კიდევ სხვა რაღაცების გამო გამოვიყენე და მერე ბლოგმა გახადა ასეთი მნიშვნელოვანი ჩემთვის🙂 ერთი კია, უზომოდ ლამაზია🙂

    • ბროწეული, კი მშვენიერია. და შენს ბლოგსაც ძალიან უხდება.❤
      მაგნუმშიც აღნიშნეს პოსტის სათაურის შენთან ასოცირება, მაგრამ სულ სხვაა ეს ქალი, როგორც აღმოჩნდა :დ

      • Rusa

        :))) არ მინახავს მაგნუმში ეგ კომენტარი. ჰო, ბროწეული მგონი ნამდვილად ჩემი გახდა🙂

  2. რა ვერ გავიგე, იცი?
    უმ ტაროებს ავლებდით ფელამუშში?
    და რა გამოდიოდა საბოლოოდ?
    რაღაც ვერ წარმოვიდგინე (

    • უი, თამარა, ბოდიშს გიხდი. შენი კომენტარი სპამებში აღმოჩნდა რატომღაც და ახლა ვნახე.
      ტაროს ვაშიშვლებდით, ოღონდ ისე, რომ ფუჩეჩს ყუნწთან ვუტოვებდით, ამოსავლებად და დასაკიდებლად მოსახერხებელი რომ ყოფილიყო. რომ გაშრებოდა, მერე ვაცლიდით და ტილოში ვინახავდით

  3. ძალიან თბილი და რაღაცნაირად “მზიანი” პოსტი იყო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: