დეკემბრის სოკო

foto-3801

– დე, სოკოს საკრეფად მივდივარ.

– დეკემბერში?

– ხო. არ იქნება?

– შუადღეა ახლა – გაიღიმა – დილით ადექი ადრე – იცოდა, დილის ძილს არაფერში გავცვლიდი.

დავუჯერე. დეკემბერი კი იყო, მაგრამ არ ციოდა ისე, როგორც სჩვევია. ან მე არ მციოდა. 7 თუ 8 წლის ვიყავი.ბებიასთან ვატარებდი ზამთრის არდადეგებს. სოკოების სახელები არ ვიცოდი, უბრალოდ ერთმანეთისგან ვარჩევდი საჭმელად ვარგისს და შხამიანს. ხოდა, ქამას სხვა დანარჩენისგან.

ტყე ყოველთვის ლამაზია. ნაწვიმარი  განთიადისას განსაკუთრებით. ფოთლებზე მზით აციმციმებული აორთქლებადი წვეთები. ამ დღეს ყველა ბრჭყვიალება ძირს ეცემოდა. ზოგიერთი ფერად ფოთლებსაც იყოლებდა თან.

რა უნდა დეკემბერში სოკოს? ლამისაა ტყის აჭრელებული მიწაც თოვლმა დაფაროს.  გადავატრიალე მთელი ტყე. მივყარ-მოვყარე ფიჩხები, ფოთლები. არ დამეზარა იელის გაქუცული ბუჩქების ძირების გასუფთავება. არაფერი.

რა უნდა დეკემბერში სოკოს? ვინ ეძებს უდროობაში მარადიულობას? ნოემბრის ქარებმა წაიღო ზაფხულისეული სიმწვანე. ტყის იქით, გზის მეორე ნაპირას, ველზე კი დაღვრემილი ცრუ აკაციები ჩანდნენ. მოხუცები.ტანმსხვილები. ათასჯერ გადაბელილი ტოტებით. შეჰყურებდენ ტყის ცამდეაწვდილ ხეებს და მათ შორის ყოფნას ნატრობდნენ. მაგრამ წარმოგიდგენიათ ტყის შუაგულში, სხვადასხვა ჯიშის ხის გარემოცვაში ერთადერთი, გაზაფხულზე აყვავებული ტანდაბალი ცრუ აკაცია? თეთრი, ზამთრისეულ სიცივედ გამოსხმული ყვავილებითა და მწვანე, გაზაფხულის მინდორივით ნორჩი ფოთლებით ტყის მუქ სიმწვანეში. მათრობელა სურნელი. იელის სიყვითლესთან შეზელილი თავის ტკივილი.

Robinia_pseudo-acacia_Robinie

არ არის დეკემბერში სოკო. ხეებზე მიწებებული ათასი სპორადული მცენარე კი, მაგრამ სოკო – არა.  აბედიც კი, ასე რომ მიყვარდა იმხანად მისი უცნაური სურნელი.

ის-ის იყო, სახლში წამოსვლა დავაპირე, რომ სიმწვანემ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ზურმუხტისფერ ქუდს წვიმის ჩამოუწრეტავი წვეთები ალორწოებდა. არც მრგვალი, არც ოვალური, მათ შუა მდგომი ფორმის იყო, ოდნავ დამრეცი. ყველაზე ღრმა ადგილას პატარა პენტაედრის შესახედაობის რაღაც ედო. ხე რომ შეიფერება ამოჭრილი მერქანის ადგილას, იმ ფერის.

არასდროს მინახავს ასეთი სოკო. საოცრად მომინდა ხელის შეხება. მისი ზედაპირის ლორწოს თითებით შეგრძნება. ვიცოდი, შხამიანი იქნებოდა, მაგრამ ხელს ვერაფერს დააკლებდა. სასიამოვნოდ დამიარა ჟრუანტელმა. შემცივნებულს რომ გეღვიძება, საბანგადახდილს.

picture-497

მოკრეფა ვცადე. ბაბუის გაბრაზებული ყვირილი ჩამესმა – ,,როგორ კრეფ სოკოსო” – ისე ნათლად, რომ მიმოვიხედე. არც არავინ. მშრალი ხელით დანა ამოვიღე და მოვჭერი. ადგილი სველი ფიჩხით მოვნიშნე, რომ არ დამვიწყებოდა. გახარებული წამოვედი. მე ხომ შევძელი, დეკემბერში სოკო მეპოვა.

დედამ ცარიელი პარკი რომ დაინახა, გაეღიმა – ,,ვინმემ მოგასწრო ადგომა, ალბათო”. მერე პარკსუკან, ხელში ზურმუხტისფერლორწოიანი სოკო და ჩემი გაცისკროვნებული სახე რომ დაინახა, გაბრაზდა.

– ლამაზია, ნახე. გინახავს ასეთი სოკო?

– არ ვიცი, შეიძლება. ჩვენ ხომ ასეთ სოკოებს არ ვაგროვებთ? შხამიანია და მოგწამლავს. გადააგდე და ხელები კარგად დაიბანე.

– მექნება, რა! ქილაში ჩავდებ. თავს მოვუხუფავ და ხელს აღარასდროს მოვკიდებ.

წიგნების თაროზე შემოვდე საწოლთან. ვოცნებობდი, როგორ წავიღებდი ჩემთან, სოფელში. ღამით მის ცქერაში ჩამეძინა. დილით კი ზოლიან ქილასაც ვერ მივაკვლიე. ზაფხულის არდადეგებზე – უცნაური სოკოს ადგილსაც.

შარშან აგვისტოს ბოლოს ბაბუას საფლავი მოვინახულე. ეს ამბავი გამახსენდა.

სამოთხისებური სიგრილე იდგა ტყეში. მიახლოებით ვეძებდი იმ ძველ ადგილს, მსხვილი წაბლის მახლობლად, მაგრამ წითელქუდა სოკოების გარდა ვერაფერი ვნახე. ვიგრძენი, როგორ გამეჩხირა ყელში ბურთი და ვერაფერს ვშველოდი, ცრემლებად რომ არ ქცეულიყო.

Categories: საგლეხო, ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , | 10 Comments

Post navigation

10 thoughts on “დეკემბრის სოკო

  1. ძალიან მომეწონა, რა ვთქვა. სიამოვნებით ჩავიკითხე.

  2. საოცარი სუნი აქვს პოსტს🙂 შესანიშნავია

  3. Rusa

    ძალიან კარგია, გლეხის ბიჭო🙂
    პ.ს. პიემში მოგწერ ჩემს აზრს ორ წინადადებასთან დაკავშირებით :))

  4. რამდენიმე პოსტი წავიკითხე და უკვე მივხვდი… მომწონს შენთან ყოფნა❤

  5. მშვენებაა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: