Breaking The Waves – ოქროსგულიანი გოგონას ამბავი (I)

პატარა რომ ვიყავი, ერთი საბავშვო წიგნი მქონდა – ოქროს გულიანი გოგონა (დანიური ზღაპარი), რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში. ეს იყო სურათებიანი წიგნი პატარა გოგონაზე, რომელიც შედის ტყეში ჯიბეში პურის ნატეხებითა და სხვადასხვა რაღაცით.

წიგნის დასასრულს გოგონა გამოაღწევს ტყიდან, მაგრამ ის დგას შიშველი და ყველაფრის გარეშე. წიგნში ბოლო წინადადება იყო: ” -ყველაფრის მიუხედავად, კარგად  ვიქნები”- თქვა გოგონამ”. ეს გამოხატავდა განცდილი ტანჯვის ექსტრემალურ ფორმას. იმდენად ბევრჯერ გადავიკითხე წიგნი, რომ მამაჩემმა სანაგვეშიც მოისროლა ამის გამო. ”ტალღათა მსხვრევა” – დაფუძნებულია ამ ზღაპარზე.

ლარს ფონ ტრიერი

ფილმის მოკლე აღწერა

დანიელი რეჟისორის, ლარს ფონ ტრიერის ფილმი – ტალღათა მსხვრევა (და მიაპობს ტალღებს -ალბათ, ასე სჯობს) – გადაღებულია 1996 წელს და  პირველი ფილმია ტრილოგიისა Golden Heart, რომელშიც შედის: იდიოტები (The idiots -1998), ,,სიბნელეში მოცეკვავე” (Dancer in the dark – 2000). იგი მოგვითხრობს შოტლანდიელი გოგონას, ბეს მაკნეილისა და ნორვეგიელი კაცის, იან ნაიმანის ისტორიას, სადაც თბილ ურთიერთობებს, მგზნებარე და ვნებიან სიყვარულს უეცრად ცვლის საშინელი ტრაგედია.

***

არ დავიწყებ იმით, რომ ფილმი ძალიან მომეწონა და ათასი ბლა-ბლა-ბლა. ჩემ დამოკიდებულებას მისადმი ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიდან უფრო ნათლად შეიტყობთ – რატომ და როგორ.

***

ღმერთთან საუბარი საკმაოდ რთულია. ხან ჩვენ არ გვესმის მისი, ხან – მას ჩვენი. მაგრამ ყველა, ვისაც სწამს, თანხმდება იმაზე, რომ ღმერთი ყოველთვის მართალია. ჰყავს რჩეულები, რომლებიც მიწიერ სამყაროში ახლოს არიან მასთან, ზღვარს ზემო სამყაროში კი კიდევ უფრო ახლოს. ბესიც ერთ-ერთი მათგანია.  ,,ესაუბრება” უფალს. იყენებს თავისსავე ხმას ღვთის ხმოვანებად. როცა თავს ცოდვილად თვლის, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღმერთი ზურგს აქცევს ,,ოქროსგულიან გოგონას”, მასთან საუბარზე უარს ამბობს. ეს, ლაბათ, ერთგვარი გამოხატულება უფროა მისი ინფანტილური ბუნებისა და გულუბრყვილობის, ვიდრე გააზრებული რწმენის.

ბეს მაკნეილი (ემილი უოტსონი)-  შოტლანდიელი გოგონა ფსიქოლოგიური გადახრებით, ბავშვური მიჯაჭვულობით, რწმენით, სიჯიუტით, სიყვარულის გამოხატულებით.  ნამდვილი სახეა იმ მაძიებლისა, ჭეშმარიტი სიყვარულის რომ სწამთ. სამოთხისაც. ჯოჯოხეთის აღიარება არ სურთ. ეს ცნება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მისი არსი უცნობია მათთვის. უბრალოდ, მათ ცნობიერებაში არ არის ადგილი იმ ოხშივარადენილი ტბისა, მთავარანგელოზი რომ სამჯერ ჩაჰყოფს თავის სპეტაკ ფრთას და ნაკლებადცოდვილებს ან ცოდვაგამოსყიდულებს მიერეკება უსაზღვრო, ცხრაიერარქიანი ცისკენ.

თავის მეორე ნახევართან, იანთან შეხვედრის შემდეგ მისთვის სამოთხის კარი იხსნება. არა, ეს მიწიერი სამოთხე კი არა, უფრო მეტია. ზღვარს აღმატებული. ეს არის სიყვარული, რომლის პოვნა აარც ისე მარტივია.

იან ნაიმანი (სტელან სკარშგარდი) – ნორვეგიელი კაცი, რომელიც მუშაობს ნავთობის კოშკურაზე ზღვაში. ბესის ქმარი. ტიპიური მონადირე მამაკაცი, რომელსაც ადვილად ჩაუვარდა ხელთ ნადავლი – გულუბრყვილო ბესი.

მტკივნეული განშორება ქორწილის შემდგომ და ბესისა და ღვთის საუბარი. საოცარი კადრები შექმნა ტრიერმა. ბესის ყოველი ,,დიალოგი” ღმერთთან, გამომეტყველება, უემოციოდ ვერ ტოვებს მაყურებელს, მის თანამდევად ქცეულს და ბედით დაინტერესებულს.

კითხვა, რომელიც აუცილებლად ჩნდება: მართლა ასრულებს ღმერთი მოკვდავთა სურვილებს? ბავშვობაში, რელიგიათმცოდნეობას გვასწავლიდნენ სკოლაში, და ეჭვიც არ მეპარება, ამ კითხვაზე ერთადერთ დადებით პასუხს გავცემდი წერტილით – ყოველი ლოცვა გულით უნდა წარმოსთქვა და ღმერთი აუცილებლად შეისმენსო, როცა მითხრეს.  ჰოდა, ეჭვი ახლაც არ მეპარებოდა, რომ იანი ბესთან დაბრუნდებოდა და ოქროსგულიანი გოგონას მოუთმენლობას ერთი ხელის მოსმით მოაშთობდა. მაგრამ ტრიერი რაღაც უცნაურად რომ გადაწყვეტდა ამ ამბავს – არც ამაში.

ჰოდა, ვადაზე ადრე დაბრუნდა ქმარი შინ და აქედან იწყება განშორებაზე დიდი უბედურება.  იმაზე მეტად მტკივნეული და მწველი, ვიდრე შორეული ზარის მოლოდინში ჩაძინება. ღმერთი მსხვერპლს ითხოვს იმ ბედნიერებისთვის, რაც ბესმა მიიღო.

იანმა იცის, რომ მუდმივად საწოლზე მიჯაჭვულს მოუწევს ყოფნა და ბესს ქორწინების ფიცის დარღვევა სთხოვა. თუმცა, რა იცოდა, შემოქმედისა და ქალის ურთიერთობის შესახებ – არც არაფერი. ბესმა ეს იანის ბედნიერებისა და გამოჯანმრთელების მომასწავებლად აღიქვა. ეს საფუძველს უმზადებს ბრძოლას დედაკაცის სისუსტესა და სიძლიერეს შორის. იმთავითვე იცის ბესმა, შინაგანი ღმერთი გაუჯავრდებოდა – ის ხომ უბრალოდ მსხვერპლს ითხოვდა სიცოცხლის სახით და არა ქალის ტრანსფორმაციას.

მითიურ ორფეოსად გარდაქმნილი, ბოროტ ძალებს მიეახლა თავისი მეორე ნახევრის დასაბრუნებლად. ქნარადქცეული სხეულის მღერით. იცის, რაოდენ დიდი მსხვერპლის გაღება მოუწევს. შესაძლოა, სიმები დაწყდეს, სრულიად დაიმსხვრეს და სამუდამოდ დარჩეს სულთა ძველბერძნულ სამყაროში.

არ დრკება. ტოვებს ამიერ სამყაროს იმ იმედით, რომ მისი მეორე ნახევარი განაგრძობს სიცოცხლეს. ტომისგან განკვეთილი (ადამის მოდგმა ხომ ყველაზე ნაკლებად სიკეთეს ხედავს), თითქოს, იმ განსასვენებელს უნდა მიებაროს, საიდანაც ჯოჯოხეთში ხვდებიან ადამიანები. არ ახლავს მის დაკრძალვას ზარების რეკვა ისევე, როგორც – ქორწილს არ ახლდა – ეკლესიას არ აქვს ზარები.

ბესი ზღვას ერთვის. მიწაში არ არის მისი ადგილი. ეს კიდევ, მომასწავებელია იმის, რომ იგი ისევ მოევლინება ამიერ ქვეყანას. იარსებებენ მისნაირად სხვა ,ოქროსგულიანები’. იანისგან შორსაც, ახლოსაც. თავიანთ სხივოსნებას შესძენენ ამ დამძიმებულ სამყაროს და გაამსუბუქებენ, აზიდავენ ჩამოქცევამდემისულ ცას. კიდევ დააფიქრებენ ადამიანებს, სად არის ბედნიერება…

სადღაც, შორი ციდან გაისმის უშველებელი ზარების რეკვა და სრულდება ,ოქროსგულიან გოგონაზე’ ზღაპარი, რომელიც ზღაპარი არ არის.

***

ეს ისე, ჩემთვის უსაყვარლესი დიალოგის ნაგლეჯი, რომელმაც იმთავითვე მიმაჯაჭვა ფილმს:

…  – შეგიძლია, რამე ღირებული დაასახელო, რაც უცხოელებმა მოგვცეს? – ტომის საბჭო

 – მუსიკა –  ბესი (საოცარი ღიმილით)

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , | 2 Comments

Post navigation

2 thoughts on “Breaking The Waves – ოქროსგულიანი გოგონას ამბავი (I)

  1. რა ხანია ეს ფილმი ჩანიშნული მაქვს სიაში და ვერაფრით ვერ მოვახერხე ყურება) მოკლედ უახლოეს მომავალში ვეცდები ვნახო😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: