თრგუნვა

ადამიანს, რომელსაც ვენდობი

გაღებულ კარს მიღმა რაც გამოჩნდა, პირველი მისი გაწებოვნებული თმები იყო. ეტყობა, რამდენიმე დღეა, აბაზანის არსებობა დაავიწყდა.  ნაძალადევად თბილი ღიმილის უკან სიგარეტის მოლურჯო ბოლი ფენებად ედო ერთმანეთს და ყველაფერს. ოჰ, ფანჯრის გაღებაც არ გახსენებია. სპორტულად ეცვა და სანამ შინ შემიპატიჟებდა, მივხვდი, ნაკლებად ელოდებოდა ჩემს სტუმრობას. ისე, აღარც მეგონა, კარს თუ ვინმე გამიღებდა.

– რას ჰგავხარ, შეჩემა! – ქურთუკების საკიდის წინ უყურადღებოდ კიდული სარკის წინ ავაყუდე. არც ჩაუხედავს. უბრალოდ იდგა და რაღაცას უყურებდა სარკის მიღმა. ან ვიღაცას. არადა, სარკეში მართლაც იყო რაღაც – გასხივოსებული კვერცხის გული – შემოსასვლელის შიშველი ნათურა.

არაფერი უთქვამს მეგობრული გამარჯობის მეტი. წეღანდელივით ნაძალადევად თბილი, უემოციო, უყველაფრო ღიმილით შემიძღვა ოთახში. უფრო სწორად, ასე გაიღიმა, ზურგი შემაქცია და ოთახისკენ გასწია. მეც ავედევნე.

ალბათ, ყოველთვის აკვირდები, მაგრამ ამ დროს უკეთ გამახსოვრდება ისეთი დეტალები, როგორიცაა სხეულის ზედმიწევნით ზუსტი აღნაგობა. ამჩნევ მის ძვალმსხვილობას და გაძვალტყავებულ სხეულს (აშკარად ბევრი მოიკლო ამ ერთ კვირაში), ბეჭების სიმრუდეს, თმის ნამდვილ ფერს, სიარულის მანერას…

სრული ქაოსი. უფრო მძიმე ჰაერი – მეგონა, მეტალის კარს დავეჯახე. ერთადერთი დივნის გარდა ყველა სკამი თავის ადგილას იყო. შიშველ იატაკზე ლეიბი ეფინა. ლუდის, არაყის ბოთლები. სიგარეტის ნამწვავები ყველგან.  მაგიდა – ათასი ფურცლით და თაროს ყველა წიგნით სავსე. დამსხვრეული, გადატეხილი, უთავო, გულგამოღებული, დაშლილი, მელანდაცლილი თუ მელანგამოცლილი კალმების სიმრავლე (ზღვა არ ეთქმოდა, მაგრამ ნორმალური ადამიანისთვის ეს მეტისმეტი იქნებოდა)

მე კი გაოცებულიმა შევაბიჯე, მაგრამ ფანჯრის გაღება მაინც გამახსენდა ოთახის ორწამიანი შეთვალიერების შემდეგ. მიმავალმა:

– ამდენი ხანი რით გადაურჩი ამ ჰაერს? – იმ წამს წარმოვიდგინე და ნათლად ვიგრძენი, რომ რაღაც მომხვდა კეფაში. ყრუდ მტკივნეული. ნათლად დავინახე ჩემი ცხვირიდან ზათქით წამოსული სისხლი თუ დარტყმის წნევით ცხვირიდან გამოვარნილი ჰაერის სწრაფი ნაკადი. უკან მოვიხედე. წესით უნდა წავბორძიკებულიყავი და ორიოდე ნაბიჯი დახრილს გადამედგა ან წავქცეულიყავი და უჩვეულო, კლაკვნითი, გრეხვითი, კრუნჩხვითი მოძრაობები მეკეთებინა.

არც არაფერი. ის იდგა ჩემგან ზურგშექცევით, თითქოს მე იქ არც ვყოფილიყავი.

ღია ფანჯრიდან შემოჭრილი შემცივნებული სუფთა ჰაერი დაეწაფა ოთახის ცხელ, ბინძურ ჰაერს. გაიტაცა, შეიხვავა და ისე დაესაკუთრა, როგორც დამშეული – მთელ სუფრას.

საუბარი გავუბი. უხალისოდ ამყვა. როგორც წესი, იგი ღრმადაზროვნად ლაპარაკობს. მანერებიც დახვეწილი, ინგლისელი ლორდის მსგავსი აქვს. მაგრამ ახლა, რატომღაც სიტყვაძუნწია, მოდუნებული და თვალებშიც ის სხივი აღარ აქვს, რაც ადრე ჰქონდა. ვამპირისეულად მუქნაცრისფრიდან შავამდე მისული, ფერადი გარსის გარეშე -ერთიანი გუგა და გუგაზე პირდაპირმიშენებული სკლერა.

– რა იყო, შეჩემა, წუხელ ბახუსმა მაგრად გაგჟიმა? უყვარს მაგას პატარა ბიჭებთან ღლაბუცი – უცნაური ხმა მქონდა. საუბრის რომ გეშინია და მოჭარბებულმა ნერწყვმა ლამის დაგახრჩოს (ალბათ, ამის ბრალი იყო მისი შემდგომი ქმედება). გულისრევისას რომაა, ისეთი არა. ეს მოჭარბებული სითხე უხვადდასველებულ ხორხს სწვდებოდა თუ არა უცხო ჟღერადობას აძლევდა იოგებიდან ამომავალ ბგერას.

გაიღიმა. ოღონდ, მის უკან ოდნავი სიცილი იდგა. აი, ისეთი, ყრუმბგერი, ‘ჰ’-ს, ‘მ’-სა და უცნაური ხმოვნების კომბინაციისგან რომ შედგება:

– არა. ცოტა დავლიე. ნაბახუსევი არ ვარ.

ვიცი მე ამის ცოტა. ზურგჩანთიდან განახევრებულ მინერალურ წყალს ვიღებ და ვაწვდი. მართმევს:

– ხომ გითხარი, არ ვარ ნაბახუსევი – სულმოუთქმელად ცლის.

კარგად ეტყობა, რომ არ არის. ვერაფრით ავიყოლიე. კვირაზე მეტია, მისი სატელეფონო ნომერი ცამ და მიწამ გაიყო.  ხოდა, ახლ ვცდილბ, რამეზე მაინც ვისაუბრო, ეს კიდევ დუმს. ძლივს ხმას ამოიღებს და როგორც კი თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე გადავიტან ყურადღებას, ჩუმდება.

-მუსიკის დროა –  ძველებური, მომცრო ზომის ფირფიტა მაჩვენა. – გერმანული ხარისხი. -თვალი ჩამიკრა და მომეჩვენა, რომ ამ თვალის ჩაკვრაში საუკუნე გავიდა. მდორედ, ნელა დაიხუჭა ქუთუთო და ასევე ნელა გაიხსნა. თვალის ამ ერთი შეხედვით უმარტივეს მოძრაობებში უწამისმიერესად გაიქროლა  ყველაფერმა.

უცნაური ჰანგები მიმოიფინა ოთახში და ძმები გრიმების ფაფის ქოთნის შიგთავსივით დაიწყეს ღია სარკმლიდან გადაღვრა (თუმცა, ვეჭვობ, ჩემ გარდა ვინმეს გაეგონა). უცხო. პირველად რომ გაგაჟრჟოლებს მოსმენისას და მერე მისი ზეგავლენის ქვეშ ექცევი. არ ჰგავდა საგალობელს. არცერთი რელიგიური კულტურისა. უფრო სწორად, ყველაფერს ჰგავდა და არც ჰგავდა. ბახისეულ ორგანს ტრომბონის ჯაზური ჟღერა ჩაერთვოდა შიგადაშიგ. როიალისეული ორიოდე აკორდიც აქა-იქ – აქტის მომეტებული სიმძიმისთვის. ვიოლინოს სიმსუბუქეც შორი-შორს.  ერთი შეხედვით, სრული ქაოსი. შეუსაბამობა. მაგრამ რაც მეტად ჩაერთვებოდი კომპოზიციის მსვლელობაში, მით მეტად ჰარმონიული გეჩვენებოდა. ხან მესაზე მეგონა თავი -ღრუბლების და რაღაც არარსებულის საწვდომობაში დაკარგულს,  ხანაც – მიწიერი ყოფის, სქესობრივი აღტყინებისა და თავშეუკავებლობის ზღაპარში. ან საშვილოსნოსეული ბნელი, უზრუნველი სინოტივის ტყვეობაში – ემბრიონულად. მერე უეცრად მოვიდოდა სიმძიმე, წარიტაცებდა ყოველივეს, დაანარცხებდა, დალეწავდა, გადაბუგავდა. წამიერი, სიკვდილისეული პაუზის შემდეგ ისევ თავიდან, ახლებურად იწყებოდა. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ეს მუსიკა ჩემში კი არ შემოსულა, მე შევედი მასში. მე ვიყავი დაუპატიჟებელი სტუმარი და ნებისმიერ დროს, თავაზიანად ან პანღურისკვრით შეეძლო გამოვესტუმრებინე. მე ხომ უტაქტო სტუმარივით ყოველ ნიშანს თავხედურად, თავიდან ბოლომდე ვუფათირებდი ხელებს.

ვიდექი ფოთლებდაყრილი ხის მსგავსად. ნოემბრის ქარებით შეჟრჟოლებული აგვისტოს საქორწილო სამზადისში. უარესი სიცივის მოლოდინში მცირედი სითბოთი.  თითქოს, უნებური მეწილე გავხდი იმის, რაც სხვისია.

ჩემი მეგობარი იჯდა. გაუნძრევლად. უემოციოდ. მივხვდი, ამ მუსიკას რაღაც ახლისთვის უნდა ჩაეყარა საფუძველი.

იქნებ, თავიდანაც, მაგრამ იმ წამს არაფერი არსებობდა ამ მუსიკის გარდა.

Categories: საგლეხო, ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , | 5 Comments

Post navigation

5 thoughts on “თრგუნვა

  1. შენ მწერალი ყოფილხარ, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა!

  2. შენც მესტუმრე… ლიტერატურა თუ გიყვარს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: