ანაბელ

– მენსტუაცია მაქვს – მითხრა მეუღლემ, კბილების გასახეხად შესულმა სანაგვე ურნაში საფენი რომ აღმოვაჩინე და გაკვირვებულმა თვალიერება დაუწყე. არა, ქალის საფენები მანამდე კი მინახავს, მაგრამ ცოტა გასაკვირი უნდა იყოს, როცა სახლში მხოლოდ ორნი ვცხოვრობთ და ისიც სამოცდაათ წელს გადაცილებულნი. მენსტრუალურ სისხლს ნამდვილად არ ჰგავდა.

– ამ ასაკში? – ვკითხე და თვალი ვერ გავუსწორე. შემეშინდა, ის პასუხი არ მიმეღო, რასაც ველოდებოდი.

– კი, რა მოხდა? ხდება ხოლმე. ხომ იცი, ყველა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულია. სიმართლე გითხრა, არ გამკვირვებია. – მაკოცა -შეიძლება, კიდევ ერთ შვილზე ვიფიქროთ – გაიღიმა და უცებ, სახე შეეცვალა. ჩემს შეშფოთებულ სახეს რომ გადააწყდა -ტკივილი იცისო- მითხრა.

– ვფიქრობ, დროა ექიმს მივმართოთ.

-არ არის საჭირო.

– ყველა შემთხვევაში საჭიროა – გაღიმება ვცადე.- თუნდაც, იმისთვის, რომ მომავალი შვილი დავგეგმოთ (არადა, ხომ ვიცოდი, რაც სჭირდა, მაგრამ ჩემით ვერ ვეტყოდი).

ვერ დავითანხმე. 72 წლის კაცს საკუთარი ფეხები არ მიჯერებენ და ცოლი დამიჯერებს?! თანაც, ამ ბოლოს სულ შეიცვალა. თავს გადამეტებულად უვლის. არა, ჭრელა-ჭრულებს ნამდვილად არ იცვამს და არც ზედმეტად იღებება, მაგრამ ადრე მაკიაჟს არ ხმარობდა საერთოდ.

მისი ყოველი ნაოჭი სიგიჟემდე მიყვარს. მან ეს იცის. მის გადატკეცისლ სახეს ახლანდელი ნაოჭები მირჩევნია. ყოველ დილით, როცა ვიცი, რომ ამოვსებული ნაოჭებით გამოვა ოთახიდან, გული მისკდება. მართალია, მომხიბვლელია, მაგრამ თავს ვერ ვაჯერებ იმაში, რომ ასეთ მოხუცს ვიღაც ახალგაზრდა არ ,,მიმშვენებს” გვერდს.

მოდი და ნუ გაბრაზდები. ორი გაზრდილი შვილი ცალკე საცხოვრებლად გაიქცა.  შვილიშვილებსაც შვილებზე იშვიათად ვნახულობთ, მაგრამ ერთმანეთია ის, რისი ხილვაც ამ ბოლო დროს ყველაზე მეტად გვასულდგმულებს. ახლა კი, ამ სულდგმულობაშიც რარაც ვერ არის ძველებურად. ვფიქრობდი, მაკიაჟი ცოლს მართმევდა, მაგრამ ახლა მივხვდი რაც ხდება.

არ მინდა, ყოველდღე ტკივილებსიგან მოკუნტული ცოლის ყურება. ჩემს ძალებს აღემატება მისი ტანჯვის გაძლება. მართალია, მთელი  45 წელი სხვების მწუხარებას ვუყურებდი, მაგრამ მაშინ ერთხელაც არ შემხრია წარბი. გულიც არ შემკუმშია გარდაცვლილის ნათესავების მგლოვიარე სახეებსა და ხმებზე. მაგრამ ახლა, ამ დილიდან, ჩემში იმ გამოუსადეგარმა ლითონმა დაიწყო ლღვობა, გულის მაგიერ რომ მედგა. მთელს სხეულს მოსდო მთელი ის მხურვალება და ტკივილი, ამ წლების მანძილზე დაგროვებული, ჩადუღაბებული რომ იყო და სულის უსუსტესი სიმები სევდისფერი ტკივილით  ააჭრელა.

***

როგორც იქნა! შიში დავძლიე და ცოლიც დავითანხმე ექიმთან ვიზიტზე. საბოლოოდ დარწმუნებულმა დიაგნოზში, მწუხარების ნიღაბი გვერზე გადავდე და მეუღლის გამხნევებას შევეცადე. რაღაც იმალებოდა მის გულითად სიცილში. სიბერის სევდას დავაბრალე.

***

მკურნალობაზე უარი არ თქვა. მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი ვერ ვუთხარი. ვერ შევძელი და ექიმსაც ვთხოვე, არ ეთქვა. ვფიქრობდი, სერიოზულს არაფერს ფიქრობდა.  საავადმყოფოში წოლაზე უარი განაცხადა და სრულიად მომენდო. ძველებურად. როგორც გაცნობის დღეს.

შევეცადე, სიცოცხლის დარჩენილი დღეები სამოთხედ თუ არა, საუკეთესო მოგონებად მექცია მისთვის. მაგრამ, აბა, რამდენად შესაძლებელია იმ დღეების გასაუკეთესოება, დღე-დღეზე ლოგინს რომ მიეჯაჭვები და თანაც, საწოლის შემდეგ პირდაპირ მოგონებებში ინაცვლებ?!

აქამდე სიკვდილს ბუნებრივ მოვლენად ვთვლიდი, რომელშიც ტრაგედია მხოლოდ სამყოფელიდან გაქრობა იყო. ახლა კი გავაცნობიერე მთელი სისავსე იმ ტრაგედიულობისა, მუდამ რომ დაგვყვებოდა თან. მოვაშორე მთელი ის სივარდისფრე, რაც ამ გზას ახლდა და შიშველი რეალობის წინ დავდექი. სიშავეში გაფანტული  მუქი ნაცრისფერი. სიმარტოვე. სიცარიელე. ამოუვსებელი ხვრელი, რომლის დასასრული არც არსად იყო, როგორც დასაწყისი.

***

ამ ამბიდან ორი თვის შემდეგ მიიცვალა. სიარული არ შეუწყვეტია ბოლო დღემდე. იმ დღისით მაკიაჟის გაკეთება არ ისურვა. ყოველგვარ წამალზე უარი განაცხადა. ჩემ სასოწარკვეთილ, როლიდან მოხსნილი მსახიობისებურ გამოხედვას ღიმილი შეაგება, მაკოცა და ფორთოხლის მოტანა მთხოვა. მახსოვდა, წინა დღით რამდენიმე ამოვიტანე, მაგრამ მაცივარში ერთიც არ დამხვდა.ოთახში შევედი. საწოლი აეშალა და დაწოლას აპირებდა. საწოლთან ბარათი შევნიშნე, მაგრამ ხელით მანიშნა, გავსულიყავი.

საღამოს მაღაზიისეული რიგები იდგა სალაროსთან.

დაჭრილფორთოხლიანი თეფშით საწოლ ოთახში შევედი და უცებ მივხვდი, რაც მოხდა.

მარტო დავრჩი სიბერესა და იმ ბარათთან ერთად, საწოლთან რომ იდო.  თავი ზედმეტად ვიგრძენი ყველაფერში. საყვარელმა მეუღლემაც კი არ ისურვა, მასთან ბოლო წუთები გამეტარებინა. საოცრად იწვა. ნიკაპი ისე მიებჯინა მკერდზე, რომ პირი არ დაღებოდა. იმედიანი ღიმილი ედო პირზე. ჯერ კიდევ თბილ სხეულს გამოსცლოდა თვალების სხივოსნება. სახის სისავსემ შემაკრთო. ნაოჭების მხოლოდ გაუფერულებისკენწასული კვალი იდო. თავად კი გამქრალიყვნენ. ახალგაზრდობა აჩუქეს თითქოს სხეულს და სიბერე გაიყოლეს თან.

ბარათს დავხედე: ანაბელ ლი.

****

დაკრძალვის ტრადიციულობა, უნიათობა, სავალდებულოობა. ზლუქუნი. სამძიმრები.

დაკრძალვის დღიდან გაცოცხლდა ჩემთვის ანაბელ ლი. აღარ მინდოდა, ოდესმე დამეკარგა, გამეშვა ხელი. ვცხოვრობდით მარტონი. ის – ჩემს მაგიდაზე, მე – ჩემს მაგიდასთან. ის იდო გადაუშლელი. პოეზიის კრებულში – ისევ ცოცხალი, ჩემ გვერდით და არ მინდოდა, თავიდან შესდგომოდა აღსრულების გზას. მეშინოდა მისი ახლიდან ხილვის.

მოკლე ბუნებავ ადამიანისა!

სწორედ იქ, პოს ლექსების იმ კრებულის გვერდზე, სადაც ანაბელ ლი თავისი დახუჭული თვალების ქვეშ იმარხავდა ცხოვრებას, სამად გაკეცილი ფურცელი იდო.

***

”არასოდეს ცხოვრებაში ისე არ შემშინებია, როგორც ორიოდე თვის წინათ, აბაზანაში შენი სახე რომ დავინახე. იმ დღიდანვე ვიცოდი რაც მჭირდა. მაპატიე, რომ ვერ შევძელი ამის თქმა. არც მსურდა, გცოდნოდა. თუმცა, ვიცი,რომ იმ დღესვე მიხვდი. ექიმსაც ვთხოვე, არაფერი ეთქვა. არ მინდოდა, ჩემი განცდილი ტკივილები შენც განგეცადა, მაგრამ შევცდი. შენ იმაზე მეტად დაიტანჯე, ვიდრე ველოდი.

სიკვდილი ერთადერთი რამაა ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც ბედნიერება ჰქვია. ნამდვილი ბედნიერება. ვიცი შემეწინააღმდეგები, მაგრამ ასეა. უყურებ შენს წარსულ ცხოვრებას. აცნობიერებ, როგორ იქცეოდი, როგორ მოიქცეოდი, ან როგორ უნდა მოქცეულიყავი. ხვდები ყველაფერს, რა იყო ნამდვილი და რა ცრუ. ხვდები, მაგრამ ამის შეცვლის არც დრო გაქვს და არც უფლება.  თავის დროზე მიხვდები, რომ მართალი ვიყავი.

შემდეგი ბედნიერება, რომელიც მეგონა, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის, შენ გვერდით გატარებული ყოველი წუთია. ისე მიყვარს ჩვენი ერთადყოფნის, მარტოობის, კამათის, თანაცხოვრებისეული ლაფსუსებისა თუ დიდების წამები, როგორც – შენ. შენით არ დაწყებულა სამყარო ჩემთვის, მაგრამ  ის ნაწილი ყოველთვის იქნები, რომლის გარეშეც იგი არ იარსებებდა.  შენ მაჩუქე ის სიყვარული, რომლითაც მოვედი აქამდე. რომელმაც გამაძლებინა  ამ სიმძიმეში (მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა არა სიმსუბუქე იმ ფრთებისთვის, რომელიც შენთან თანაცხოვრებისას გამომესხა). ბევრი რამ არ იცი იმაზე, რაც მარტომ ვზიდე, სანამ სამსახურის საქმეებით იყავი გართული, სანამ იმ ადამიანებს ევლებოდი თავს, სინამდვილეში რომ არაფერს ნიშნავენ შენთვის.  ვიცი ყველაფერი შენზე. იმ ორ სუსტ წამზეც, მაგრამ არაფერი მითქვამს იმიტომ, რომ სულისგაცემამდე მიყვარდი. ისიც ვიცი, რომ სიყვარულის ჩემგან ნაკლებობით არ მოგსვლია. ვიცი იქიდან, რომ ისეთ დაძაბულ სიტუაციებშიც კი, როცა ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, არასოდეს მივიწყებდი. ასეთი კი ბევრი იყო.

ბედნიერი ვარ იმითაც და ნუ დამადანაშაულებ ეგოიზმში, რომ პირველი მივდივარ ამ ქვეყნიდან. ვერასოდეს გადავიტანდი უშენობას. ყოველი შენი მივლინება, ყოველი ჩემი მარტოდგატარებული წუთი იმდენად მძიმე და აუტანელი იყო ჩემთვის, რომ სიკვდილისწინა ტკივილები ნეტარებაა იმათთან.

ყველა საჩუქარს, რომელიც ოდესმე გიჩუქებია ჩემთვის, ორი განსაკუთრებით მიყვარს.

მხოლოდ ეს არ არის ის, რაც უნდა მეთქვა შენთვის, მაგრამ არც ხელი მემორჩილება ნორმალურად და არც დაბერებული ტვინი. არის ბევრი რაღაც, რაც სიკვდილამდე არ იშლება გონებიდან და ვინძლო, სიკვდილის შემდეგაც.

სიცოცხლეში ამას ვეასოდეს გეტყოდი. კიდევ ამიტომ მეჩვენება სიკვდილი ბედნიერებად, ალბათ.

ვისურვებდი, შენს მკლავზე დამელია სული, მაგრამ ესეც დიდი ეგოიზმი იქნება ჩემი მხრიდან.

იქნებ, სხვა ცხოვრების შანსი მოგვეცეს და კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს.

მიყვარხარ იმ სულზე მეტად, რომელიც ამ სხეულის საკუთრება ვეღარასდროს გახდება.”

Categories: საგლეხო, ჩანახატისმაგვარნი, ცეკვა | Tags: , , , , , , , , | 6 Comments

Post navigation

6 thoughts on “ანაბელ

  1. ვერაფერს ვამბობ…

  2. ramxela siyvarulia

  3. გული

  4. ლამაზია :)) თბილი გრძნობები ჩამეღვარა გულში.

  5. მაგარია

  6. მადლობა, მეგობრებო, შეფასებისთვის🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: