ნავი გეზის გარეშე

ბოლოს მოსკოვიდან დამირეკა.

თავიდან გამიკვირდა. ვერ დავიჯერე (არადა, თითქოს, არაფერი იყო დაუჯერებელი), გამახსენდა, როგორ წარბშეუხრელად მატყუებდა ყოველთვის. მართალია, თავადაც ხვდებოდა, რომ უმეტესად თავს ვატყუებინებდი, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. ის მუდამ თავგამოდებით ცდილობდა თავისი ფანტაზიები ჩემამდე რეალობად მოეტანა. აბა, ვინ დაიჯერებდა, რომ სამიოდ დღის უკან ტახი მოკლა, როცა ის დღე ლაზღანდარობასა და ,ჯოკერის’ თამაშში გავატარეთ?! ან სად იპოვიდა. ახლომახლო ტახი კი არა, გარეული ბატიც არ დაფრინავს. დიდი-დიდი მწყერი მოეკლა და ასეც რომ ყოფილიყო, იმასაც მე მანახებდა. მწყრის ბარკლისგან ინდაურს გამოიყვანდა. ჰოდა, ასე მრავალი.  რაღაც დაესიზმრებოდა და მერე ხორცს ყბედობაში ასხამდა.

რამდენჯერ, მეზობლები დააფრთხო. ჯარისკაცის დედას ლამის ,,პერედაჩა” შეაგზავნინა ვითომდაჭერილ შვილთან; ერთ გვერდითმცხოვრებ მეზობელს ცხენი მოაყვანინა (სახლიდან დაშორებულ ეზოში ება), აქაოდა შვილი მატარებლის სადგურზე გელოდება ჩანთებითო (ამასობაში კი თავად ბლით იტკბარუნებდა პირს); მეორე მეზობელს ძაღლი გაუყიდა და ყვავებმა შეჭამესო – არარსებული საფლავიც კი აჩვენა ,რექსასი’. პირველ აპრილს სადგურზე გამიყვანა – დამხვდი, ჩამოვედიო (თავქუდმოგლეჯილი გავვარდი – 100 წელი არ მენახა). არაფერიც! აქ მცხოვრები მეზობელი დამახვედრა, თავად კი ყურმილს მიღმა ბჟირდებოდა – თქვენ ერთმანეთის ნახვას ისე ვერ მოახერხებდითო…

აი, რატომ არ მჯეროდა. ვიფიქრე, ახალ ოინს მიმზადებდა. მერე მივხვდი, რაც მოხდა. უეცრად, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ალუჩა ჩამეკბიჩოს. არა, ტყემალი კი არა, ალუჩა –  სიმჟავეს და სიტკბოს რომ გიტოვებს ერთად, მერე წყალს გაწყურებს და გემოს ვერ პოულობ წყლისას. ვუთხარი, რომ გამიხარდა. აქ მე ვიცრუე, თანაც ძალიან დამაჯერებლად, ან შეიძლება, კი გაჰკრა იმ აზრმა, რომ ვცრუობდი. ვუთხარი ისიც, რომ იქნებ იქ მაინც ეპოვა ის, რასაც აქ დაეძებდა.

რას დაეძებდა? არ ვიცი. დაუდგრომლად ცხოვრობდა აქ. თავგზააბნეული. ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდებოდა. ათას რამეს მოჰკიდა ხელი, მაგრამ ათასივე  ბოლოს გარეშე მიატოვა. აქ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. კიდევ ერთი საერთო ისაა, რომ ერთ დღეს დავიბადეთ, ოღონდ, მე –  ერთი წლით ადრე. სხვა მხრივ მაგნიტის ორი მხარის მსგავსად განვსხვავდებით ერთმანეთისგან (იმას ვერ ვიტყვი, რომ ამ მხარეებივით ერთმანეთს მიწებებულნი ვყოფილვართ ოდესმე). განსხვავებული გემოვნება, განსხვავებული მუსიკალური პლეილისტი (უჰ, სმენა ორივეს საოცარი გვაქვს, აქაც ვგავართ – დაბადების დღეს ორივე წელიწადს სპილომ ჩამოიფრინა ეტყობა /როგორც ჩემი მეზობელი ,ქეშა’ იტყოდა/), განსხვავებული ჩაცმულობა, განსხვავებული დამოკიდებულებები ყველაფრის მიმართ… აი, თუნდაც, აზარტული თამაშები (რომელთაგან თავის დაღწევას ასე ცდილობს, ჩემი ვარაუდით). მე არ მიყვარს. მას კი ბევრი სისულელე ჩაუდენია მათ გამო. ძალიან ბევრი. დამოკიდებულებამდე მივიდა. არა, კი არ მივიდა, აზარტულ თამაშებში მთლიანად ჩაეფლო. ვალი ვალად და ლამის სახლს გარეთ დარჩა. მაგრამ მაინც ვერ შეეშვა. მერე ვიღაცებს გაურბოდა. აზარტული თამაშების გამო კი არა, ისე გაურბოდა. არ სიამოვნებდა მათთან ურთიერთობა. ეტყობა, ესეც ამოუვიდა ყელში. ამასაც გაექცა. შეიძლება კიდევ არის რაღაც (ბევრი რაღაც), რასაც გაექცა.

მე კი გული დამწყდა. მას არ ვიცი. იქნებ, კი. მაგრამ გულდასაწყვეტი რატომ იქნება მისთვის – უცხო ქალაქის ხიბლით ტკბება, ალბათ. ნოსტალგიაც ადრეა ჯერ. წასვლაზე დიდი ხანია ოცნებობდა, ოღონდ შვედეთში. მერე დანიისკენ იშვერდა თითს.  ესპანეთიც უნდოდა. შოტლანდიაც. ბოლოს შვეიცარიაზე შეჩერდა. და უეცრად რუსეთში ამოჰყო თავი.

ვითომ, იქ არ იქნება აზარტული სათამაშოები, ან მოსარიდებელი ადამიანები, ან ის რაღაც (ბევრი რაღაც), რასაც აქედან  გაექცა? არ ვიცი, ალბათ, ამასაც მიატოვებს მერე. სხვაგან წავა. და ივლის ასე. ადრე თუ გვიან, იმედი მაქვს, დაბრუნდება. ჯერ – შვილებს, შემდეგ კი შვილიშვილებს მოუყვება თავის თავგადასავლებს. შეულამაზებლად (ან, შეიძლება, ცოტა შეალამაზოს კიდეც). მოსაყოლი კი ნამდვილად ბევრი ექნება.

P.S. ამბობენ, პრობლემებსკი არ უნდა გაექცე, უნდა შეებრძოლო და დაამარცხოო. მაგრამ არსებობს ისეთი პრობლემებიც, რომლებთანაც ბრძოლა, უბრალოდ, უშედეგოა.

Categories: საგლეხო, ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , | 7 Comments

Post navigation

7 thoughts on “ნავი გეზის გარეშე

  1. რაღაცნაირად შემეცოდა🙂

  2. მმმ…და ერთ დღეს რომ დაიბადეთ, ტყუპისცალია ვითომ? ა?🙂

  3. ბოლო ფრაზაზე 10000%-ით გეთანხმები. ხოლო დანარჩენს მე ვერ განვსჯი. ვისაც როგორც მოწოწნს ისე ცხოვრობს . . .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: