ცხენი

-,,ხრიოკ მიწაზე დაწყებული სიყვარულს მოწითალო ელფერი დაჰკრავსო”, მითხრა სქელ, მაგრამ ჩამომჭკნარტუჩებიანმა, უკბილო, ჭრელთავსაფრიანმა შავკანიანმა ქალმა. მეხუთე წელი იყო, ჩვენს მეზობლად, ეზოს უკან მდებარე დიდ სახლში ცხოვრობდა,  მაგრამ მე პირველად ვხედავდი რიგი მიზეზების გამო.  ერთი თვის შემდეგ საფრანგეთში მიდიოდა შვილთან საცხოვრებლად. ესე იგი შემდეგში ვეღარ ვნახავდი. გაკვირვებულმა შევხედე, მაგრამ არაფერი აუხსნია ისე გასწია პატარძლის ოთახისკენ ხელში მოწითალო გულსამაგრით.

,,რა სისულელეებით იჭედავს ეს ხალხი ტვინს” – გავიფიქრე

გამახსენდა, რომ დილით ბაბუა გიორგიმ სახლიდან ერთ დროს სანაქებო წვრილფეხა შავი არაბული, ამჟამად კი დაჩაჩანაკებული და გაქუცული, ზურგ-მუხლებგადატყავებული ცხენი ბარ-ნიჩაბ-წერაქვით მინდორში გაიყვანა. იქიდან კი მხოლოდ მიწის სათხრელი იარაღებით სწორედ მაშინ დაბრუნდა, ის შავკანიანი დედაბერი სახლში რომ შედიოდა.

,,ცხენი მოკლაო”- ამიხსნა ბავშვობის მეგობარმა –  ,,რაღაც დაავადება შეეყარა და მოხუცს შეეშინდა, სხვა ცხენებსაც არ გადასდოსო. თავლას არ შორდება მთელი დღე, მისმა ცოლმა თქვა, ღამითაც რამდენჯერმე დგება, შიშით ამოწმებს თითოეულ ცხენსო. წაიყვანა და მოკლა. ნემსი გაუკეთა და დამარხაო”.

– ეტყობა ომი დამთავრდა – გამეცინა მე.

– რა ომი?

– არაფერი, არაფერი.

ბაბუა გიორგისთან მივედი.

– მიიღო მარსმა მსხვერპლი? – გავუღიმე და ღიმილი იქვე შემეყინა. მოხუცის ნაღვლიანმა და ცივმა გამოხედვამ ჩემს სისულელეში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. მხოლოდ ახლა მივხვდი, რაოდენ დიდი იყო მისი სიყვარული ამ ცხენისადმი.  უხმოდ და სირცხვილით ალეწილი გავშორდი.

სახლში შესვლა დავაპირე. ისევ ის შავკანიანი ქალი. წარმოიდგინეთ, ყველგან ღია ფერები (ბუხრის ქვაბებს თუ არ ჩავთვლით) და უეცრად ეს შავკანიანი ქალი. მეტყველებაც საოცარი ჰქონდა. თითქოს უხეშად საუბრობდა, მაგრამ ბგერები წარმოთქმამდე რბილდებოდა. მოკლედ, სახელი ვერ მოვუფიქრე მისი მეტყველების მანერას.

დღემდე არ ვიცი, მარტოდმარტო რას აკეთებდა თავის უზარმაზარ სახლში.

-,, რაღა დღეს მოუნდა ცხენის მოკვლაო” – ჩაიბურტყუნა. არც ის ვიცი, მარტო ჩემთან ბურტყუნებდა უკმაყოფილებებს, თუ ყველასთან.

-,, რა უნდა ამ ზანგს, ან რა ესმის აქაური ცრურწმენების”- გავიფიქრე და სახლში შევედი. – ,,სიზმარი ნახა ცუდი ეტყობა” – გამეღიმა. არ მსიამოვნებდა მისი სიახლოვე. არა, ნეგროფობი არ ვარ. უბრალოდ, შინაგანად ცუდისთვის მამზადებდა, თითქოს. – ,,გიოს მეჯვარე რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, ვერც ვერასდროს შევხვდებოდი ამ ქალს”.

გიომ და ელემ შარშანწინ ეგვიპტეში გაიცნეს ერთმანეთი და ამ ზაფხულს გადაწყვიტეს შეუღლება. ორივე მხიარული, სხარტადმოაზროვნე, კარგადგანათლებული ახალგაზრდა იყო (ახლაც არიან, მაგრამ დროს დიდად ნუ მიაქცევთ ყურადღებას). მშვენება და სიკოხტავეც უხვად ებოძებინა შემქმნელ ძალას. ერთმანეთის წარსულს ხაზი გადაუსვეს და ახალი ფურცლის წერაც ზღვის მარილიანი და უნაყოფო სანაპიროდან დაიწყეს. მათ გვერდით ნამდვილად იგრძნობდით ცხოვრების მშვენიერებას.

მოფუსფუსე ხალხს თავი ავარიდე. დივანზე ჩამოვჯექი და  კიბეებზე ავიხედე. გაფითრებული ელეს მზერას წავაწყდი და ფეხზე ნაკვერჩხლებზედამჯდარივით წამოვხტი. ”რა მოხდა?”- თვალებით ვანიშნე. მოცისფრო საქორწილო კაბაზე მოწითალო გულსაბნევი შევამჩნიე- ,,ზანგის საჩუქარი”-გავიფიქრე. ელეს ხელში ის კონვერტი და წერილი ეჭირა, ქორწინებამდე გახსნას რომ არ აპირებდა. სანამ კიბეზე ავიდოდი, ოთახში შევიდა. ჩაკეტილ კარზე დავაკაკუნე, მაგრამ იქიდან მხოლოდ უთავბოლო შრიალი ისმოდა. კარი რომ გააღო, მას მხოლოდ ხელჩანთა ეჭირა. კაბა გამოეცვალა. თვალები უსულდგმულო, არაფრისმეტყველი ჰქონდა.

– რა მოხდა? – ვკითხე, მაგრამ არ მიპასუხა. ორიოდე წუთის შემდეგ კოხტადშეკრული თმის რხევით თავი მოატრიალა და უემოციოდ მითხრა:

– გიოს ცოლად ვერ გავყვები.

კიბეებზე ჩასვლა დაიწყო. მკლავზე ხელი მოვკიდე.

– როგორ თუ ვერ გაჰყვები?

– ვერა- გაიმეორა მან. მკლავი სხარტად წამართვა და ისევ ჩასვლა დაიწყო.

– გიოს რას ეტყვი?

– მე არაფერს. შენ ეტყვი, რომ მისი ცოლი ვერ გავხდები.

გიოს დავურეკე, თან ელეს გვერდით მივყვებოდი, მაგრამ უეცრად გამიქრა. თვალსა და ხელს შუა გამიქრა. არა, ზემო და ქვემო ძალები არაფერ შუაში არიან. უბრალოდ, ჩემი დაბნეულობისა და გაოგნების ბრალი იყო ყველაფერი.

არ ვიცი, რა წერილი იდო ასეთი იმ კონვერტში, არც ის, რამე კავშირი ჰქონდა თუ არა ამ შემთხვევასთან იმ შავკანიან ქალს, მაგრამ ელე სამუდამოდ გაქრა…

იმ საღამოს ბაბუა გიორგი ავად გახდა.

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , | 5 Comments

Post navigation

5 thoughts on “ცხენი

  1. Rusa

    ძალიან კარგია!🙂

  2. რავა ყველა მოიფრინე ( არადა ძალიან მომეწონა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: