წერილი ბაბუას

გახსოვს, რომ მეუბნებოდი, გმირები არ არსებობენ, მათ ჩვენ თვითონ ვიგონებთ, ვუთხზავთ თავგადასავლებსო?

Rubens- David&goliath

კარგად გემახსოვრება ის ზაფხული. ცხელი. უწვიმო. უხასხასესი მწვანითმოსილი აწუკვე ტოტებშეკვეცილი კარალიოკის ქვეშ რომ ვისხედით. მე ჩემებურად არ გაცდიდი ლაპარაკს და ოდისევსით აღფრთოვანებული მის თავგადასავლებს გითხრობდი. სინამდვილეში, არ გაინტერესებდა არც ჩემ მიერ მონათხრობი ულიქსის ისტორია და არც ბერძნული თეომანია. ცდილობდი, შენი ამბები მოგეთხრო. შენი უბრალო მოკვდავისეული დღეები, რაც , არც ახლა დამეთანხმები და, ვერც ისე ზღაპრულად ჟღერდა, როგორც ,,ოდისეა”. არც კი მიფიქრია მაშინ, რომ ჩვეულებრივი მოკვდავი იყავი. მოხუცისეული სიურჩით ცდილობდი, ბევრი გესაუბრა. იმდენი, რომ ამ ერთი შეხედვით უბრალოებიდან მეც გამომეტანა მცირედქქარაგმული აზრი. არ გამემეორებინა შენი შეცდომები და მესწავლა დროის ფასი.

ოდისეა

ვერ მოგატყუებ და პირდაპირ გეტყვი: უარეს შეცდომებსაც ვუშვებ და დროის ყადრი ჯერაც ვერ ვისწავლე. მაპატიე, ამ ადამიანური უსუსურებისთვის. სამაგიეროდ, ვისწავლე ის, რომ გმირები მართლაც არ არსებობენ იმ სახით, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია და გვაჯერებენ.

უკვე ვიცი, რომ ყველა გამოჩნილს, ისევე როგორც ყველა ადამიანს, მეორე სახე აქვს. წმინდა, უმანკო, ბავშვური მზერის უკან ყოველთვის იმალება რაღაც იდუმალი, ამოუცნობი და ჯერგამოუვლენელი სახე. იანუსის ორსახოვანი ყელსაბამი მგონია ჰკიდიათ. სირბილის დროს რომ თამაშობს და გულმკერდს ძალუმად, შემაწუხებლად ეხეთქება წინ და უკან. სირბილშივე ამობრუნდება და ხან ერთი სახით წარმოსდგება, ხან მეორეთი.

საზოგადოებით გამოძერწილი, ხალხით შეთითხნილი და გულმოცემული ერთეული პიროვნებები იმთავითვე სიმაღლის კვარცხლბეკიდან დასცქერიან ადამიანებს. იმ მოდგმას, რომლის შვილები თავად არიან. მხოლოდ მაშინ ხვდებიან თვიანთ უსუსურებას, როცა მთლიანად დაეფარებათ თავი თოვლით. თვალთა სისველე მოემატება სულიერ სამყაროს. ჩაშემოდგომებული ხეებივით ჩაუცვივდებათ ლოყები და გამომშრალი, ბერწი მიწისეული სურნელი დაედება სხეულს. იწყება მოგონებათა ხანა. პირველი განცდა უსუსურებისა. მოგონება შეთითხნილი მითებისა თავზე, მდუმარედ რომ ადევნებდა თვალს და შესწორების შეტანას არც კი ცდილობდა.

ვიცი, რომ ოდისევსიც ისეთივე გმირი იყო, როგორიც თითოეული ადამიანია ცხოვრებისეულ სიდუხჭირეში. მერე რა, რომ მეფე იყო და ზეთისხილის გვირგვინი ედგა. შენც ხომ იჯექი შენეულ საკარცხლულზე?! მერე რა, რომ ილიონს იღებდა თავისი ხრიკებითა და სიმამაცით, შენც ხომ მისებრი მოხერხებით ცდილობდი, სიმარტივით გადაგეგორებინა მძიმე, ამქვეყნისეული საქმე?! განა შენ არ ცდილობდი, ომშიწასული მამის დანატოვარის მოვლა-პატრონობა შევსებას? (მერე რა, ამაგს თუ ვერ გიფასებდნენ და ერთხელ, ლამის სიცოცხლეზეც აგაღბინეს ხელი). განა შენ არ მასწავლიდი, როგორ გავმკლავებოდი ჩემს ბავშვურ სისუსტეებს, როგორ გამოვმძვრალიყავი სიტუაციიდან ისე, რომ ვინმე არ დამეჩაგრა?!

არა, არ იფიქრო, რომ იმ გმირად გრაცხავ, ვისზეც ისტორიებს თხზავენ. მე იმ შეცდომებსაც ვხედავ, რაც დაუშვი, მაგრამ  არ ღირს მათზე ჩემი მხრიდან საუბარი. მე ხომ არ ძალმიძს ბეწვის დანახვა საკუთარ თვალში, და რატომ დავუწყებ დირის ძიებას ძმის თვალში. და მითუმეტეს შენს წყლიან, უფროსადწოდებულ მოხუც თვალებში?

იმის თქმა მინდა, რომ რეალურ ადამიანებს, ისეთებს როგორიც შენ იყავი, უფრო მეტის მოცემა შეუძლიათ, ვიდრე ნებისმიერ გმირს. თუნდაც ის სითბო რად ღირს, მათგან რომ მოდის. მაპატიე, ის სიბავშვე და ჩემეული მორიდებულობა, პასუხს სათანადოდ რომ ვერ გიბრუნებდი. ისიც, რომ შენს მოხუცურ საუბრისმოყვარეობას ცოტათი ზერელედ ვეკიდებოდი.

ვიცი, ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, იმაზე ძვირფასია, ვიდრე ყველა გმირი თავისი მოგონილი ისტორიებით, ყველა ის გონებისეული ძალა, რომელსაც ასე ვემორჩილებით ადამიანები. ამას იმ უკანასკნელი ზაფხულიდან მივხვდი, ერთად რომ გავატარეთ მსხმოიარე კარალიოკის ქვეშ, შენს უკვე აღარარსებულ მოლურჯო, ხალიჩისმაგვარ ლეიბზე.

clouds

აქ უნდა დაგემშვიდობო. ჩემებური ოდნავი სიცივით. ისე, როგორც გამომშვიდობებისას ვიცი ხოლმე. რომ ვიცოდე, შეუბღალავთოვლისფერფრთიანი გაბრიელი შენამდე მოიტანს ამ წერილს, ხშირად მოგწერდი. ვიცი, კალამიც არ გეშოვებათ მანდ, რომ მონაცრისფრო, ქაღალდადქცეულ ღრუბლებზე ორიოდე სიტყვა მიაწერო შენეული მზრუნველი და თბილი თვალებით.

მიყვარხარ და მუდამ მახსოვხარ. ხანდახან მიკვირს კიდეც, რამდენ ადამიანზე, რამდენ რამეზე შეუძლია იფიქროს მოკვდავის გონებამ.

ძველებურზე თბილ კოცნას ვადევნებ წერილს. ალბათ, გადმოგცემენ.

Categories: ჩანახატისმაგვარნი, U-კატეგორიო | Tags: , , , , , | 15 Comments

Post navigation

15 thoughts on “წერილი ბაბუას

  1. უთბილესი…

  2. ძალიან ლამაზი წერილია და საერთოდაც ძალიან კარგად წერ. უბრალოდ პროტესტის ნიშნად არ ვტოვებ ხოლმე კომენტარებს ხშირად. კარგად წერ, მაგრამ იშვიათად ხარ ობიექტური და მართალი. სამყაროზე დაბოღმილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ– არა და დარწმუნებული ვარ არ ხარ მასეთი.
    და ახლაც: გმირები რეალურად არსებობენ და არც მათი საგმირო თავგადასავლებია გამოგონილი.

  3. ყველა ადამიანი გმირია თავის ცხოვრებაში…ბაბუაზე და ბებიაზე საყვარელი კი არაფერია ამქვეყნად,მათი სითბო და საუბარი ყოველთვის ასე გაგახსენდება და მოგენატრება,იმიტომ ვამბობ რომ მეც შენსავით ხანდახან ყურს არ ვუგდებდი ან არ ვიაზრებდი მათ რჩევას-დარიგებას ახლა კი მაკლია,მენატრებიან.
    თბილი პოსტია.

  4. ჰმ, მე ძალიან მიყვარდა ბაბუაჩემის მოყოლილი ამბები ხოლმე. გატრუნული ვუსმენდით მე, ჩემი და და ჩემი ორი დეიდაშვილი : )) ძალიან პატარა ვიყავი, მეორე კლასში, როცა ჩემს დეიდაშვილს ჩააკვდა ხელებში :შ ჩემხელა იყო დეიდაშვილიც.

    ბებიებთან და ბაბუასთან, რომლებიც ცოცხლები არიან სამწუხაროდ არ მაქვს ხშირი კონტაქტი, არადა ვიცი ვინანებ, ოდესმე

    • საყვარელი ბაბუები. მივაბარე ორივე😦 და ერთი ბებია კიდე.
      მეც დავბერდები და მოვკვდები🙂 ან არ დავბერდები🙂

  5. ძალიან კარგია.🙂
    “რომ ვიცოდე, შეუბღალავთოვლისფერფრთიანი გაბრიელი შენამდე მოიტანს ამ წერილს, ხშირად მოგწერდი” – მიიტანს.😉 მიტანაც არ უნდა. ასეთ ფიქრსს ისედაც გრძნობენ (ნუ მე მჯერა.)🙂
    ხო ფიქრი უსაზღვროა. ერთიდ მხრივ თითქოს შეზღუდული და მუდამ ერთი საქმით დაკავებული, თუმც უკიდეგანო და ყველაფრის მომცველი.🙂

    • მართლა მასე რომ იყოს დაფიქრებით შეგვეძლოს იქაურ სამყაროსთნ დაკავშირება, კარგი იქნებოდა🙂

      • აჰა, მაგარი იქნებოდა. ცალმხრივი კავშირი გამოდის, შენი ესმით და გრძნობენ, შენ კი ვერაფერს გრძნობ და გესმის.🙂

  6. ერთი ბებიაღა შემომრჩა,თავისი ნაოჭებითა და ლაქებით სახეზე.მართალაც რომ გმირი.ყოველთვის ვთხოვ მომიყვეს რაიმე მისი ცხოვრებიდან,ეს კიდევ სიამოვნებით მავსებს და მმატებს განსაკუთრებული ძალით მავსებს.მისი ცრემლიანი თვალები წარსულის გახსენების დროს არასდროს ამოიშლება მეხსიერებიდან. ასე ხარ შენც,უზომოდ შეყვარებული ბაბუაზე.ძალიან თბილად და დიდი სიყვარულით მოიხსენიებ რაც ხაზს უსვამს შენს პიროვნებას რომ ხარ ადამიანი რომელიც,1 წელიწადში არ ივიწყებს გარდაცვლილ ნათესავს როგორც ეს ბევრს სჭირს(ვიცნობ ასეთებს). ძალიან კარგად წერ : ))

    • დიდი მადლობა.🙂 მეც ერთი ბებია მყავს. ადამიანებს ყველაზე მეტად მაშინ ვაფასებთ, როცა გარდაიცვლებიან ( გარდაცვალების მნიშვნელობას როცა უხსნიდნენ, მახსოვს, ბებიამ თქვა : არ მომკვტარიყო და საცხა უნდოდა იქინე წასულიყოო❤ ).

  7. სალომე

    ძალიან კარგია :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: