მარიხუანა, როგორც ოქროს საბადო

maxresdefaultსამთავრობო სტრუქტურები ხშირად მანიპულირებენ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხით საქართველოში. ამის მიზეზი რამდენიმეა, რომელთაგან უპირველესი არასწორი ინფორმაციის ქონაა. ხოლო ამაზე წინ მდგომი ისაა, რომ მარიხუანას მოხმარების შედეგად დაკავებულებით ციხეების გავსება, მათთვის ჯარიმის დაკისრება უფრო მარტივი საქმეა, ვიდრე რეალური კრიმინალის დევნა.

თუ თვალს გადავავლებთ საქართველოში კრიმინალის საქმეებს და მათ ოდენობას, აღმოჩნდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის გახსნის ფაქტების უმრავლესობა მარიხუანას მოხმარების ფაქტზე ფიქსირდება. რაც შეეხება მკვლელობის, ძარცვის, ხულიგნობის, მუქარის  და სხვა ფაქტს, ასეთ შემთხვევაში დაზარალებული პირის განაცხადის შესვლაა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის აშკარა სამხილები გავრცელებულ ვიდეოებსა და მიმართვებში იგრძნობა.

თუმცა, როგორც აღვნიშნე, რეალურად ამ კუთხით მხოლოდ საქმეთა უმცირესობა იხსნება და სტატისტიკურად მომატებული დანაშაული და სრული განუკითხაობა ამაზე მეტყველებს. თავად მარიხუანა და სუბუქი ნარკოტიკის მოხმარება კი შსს-ს რეკლამირებისა და მისი მხრიდან მანიპულაციის საგანია.

არასწორი ინფორმაციის ქონაში ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ,,მოღვაწეობენ” პარლამენტში, შინაგას საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურასა თუ საჯარო სამსახურის ზოგიერთ ორგანოში, ხშირად სარგებლობენ მოძველებული და არარელევანტური წყაროებით. რაც ხშირად დასტურდება მათ მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციებითა და მოწოდებებით.

ამას წინათ, ერთ-ერთ პირს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში პუნქტებად ჰქონდა ჩამოშლილი სრუალიად მცდარი ინფორმაცია, თუ რა უარყოფით გავლენას იწვევს ორგანიზმზე მარიხუანა. წყაროებად კი მითითებული ჰქონდა (უმთავრეს წყაროდ) რუსული მეორეული წყარო, რომელიც თითქოს პირდაპირ თარგმანს წარმოადგენს ძირითადი წყაროსას (მოგეხსენებათ, ამ დიდებული და უკვდავი ქვეყნის როგორც ნარკო- ისე სხვამხრივი პოლიტიკა და საკვირველია, ადამიანის უფლებებზე როდესაც მიდის საუბარი, რატომ შეიძლება დღესაც ამ ტოტალიტარული სახელწიფოს მოსაზრება გასათვალისწინებელი იყოს საერთოდ). ხოლო დანარჩენი წყაროები ასახავენ ამერიკული ორგანიზაციების კვლევის შედეგებს, რომლებიც მიუთითებენ მარიხუანათი გამოწვეულ დაავადებებს. თუმცა, იქ ვერ იპოვით ინფორმაციას იმის შესახებ, რა საკვლევ ჯგუფზეა ჩატარებული ეს კვლევები და რა გზებით. შესაბამისად, პირდაპირი დასკვნა მარიხუანას ბრალეულობისა ამ საკითხთან დაკავშირებით, გადაჭარბებულია.

რაც შეეხება თავად იმ ბრალდებას, რომ მარიხუანას შედეგად კრიმინალია გაზრდილი, სრული აბსურდია. ასეთ კონდიციაში მყოფ ადამიანს არ შეუძლია იყოს კრიმინალი – არათუ სხვას ავნოს, არამედ, საკუთარ თავსაც ვერაფერს დაუშავებს. სამყაროსადმი უზომო სივარულით სავსეა და სხვა არაამქვეყნიური, არამატერიალისტური იდეები უფრო აინტერესებს, ვიდრე მუშტი-კრივი და თუნდაც ვერბალური ბულინგი. კრიმინალის გაზრდა კი იმას ნიშნავს, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის სვამენ ადამიანებს ციხეში და არა ამ ფაქტით გამოწვეული დებოშისთვის.

ახლა კი მინდა პირდაპირ ამ პირის მიერ პუნქტებად ჩამოთვლილ უარყოფით ზეგავლენაზე საუბრო:

  1. მოკლე მეხსიერების დარღვევა – აღნიშნული პირი კონკრეტიკისგან გარბის და ახსნა განმარტებას თავს არიდებს. ხანმოკლე მეხსიერების ანუ როგორც მას უწოდებენ, ოპერატიული მეხსიერების ფუნქცია სხვადასხვა ინფორმაციის მომზადება-გადამუშავებას გულისხმობს გამეორებების სახით და მის მომზადებას ხანგრძლივ მეხსიერებაში ფიქსირებისთვის. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, ვინ როგორ იმახსოვრებს და რა ინტერპრეტაციას აძლევს გარკვეულ მასალას. თუ ერთ პირს მომხდარის დასამუშავებლად სჭირება დროის მცირე მონაკვეთი, მეორის შემთხვევაში ხანგრძლივობა შესაძლოა გაზრდილი იყოს, რაც მარიხუანას მოხმარებასთან კავშირში არ არის. გარდა ამისა, კანაფის მოხმარებისას ფიქრთა ის პროცესები გამოდის წინ, რომელთაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ და ფაქტობრივად, ქვეცნობიერ გადამუშავებას ვანდობთ ხოლმე.
  2. ყურადღების გაფანტვა – ყურადღების კონცენტრაციაც ინდივიდუალური ფაქტორია. გარდა ამისა, ადამიანებს ხშირად დასწავლილი ქმედითი პროცესების დროს იმ ფაქტების გააზრება არ სჭირდებათ, რასაც ხშირად, ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმეც აკეთბენ. მაგალითად: არავინ ფიქრობს თასმის შეკვრის პროცესში, როგორ უნდა შეიკრას თასმა, რომ არ გაიხსნას იგი. ამ შემთხვევაში ხეები თავისით და გაუცნობიერებლად აკეთბნ საქმეს. თუკი მარიხუანას მოწევის დროს ვინმე ასეთ პროეცსზე ფიქრობს, ეს ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაციია და რეალურად იმ მიზეზზე შეიძლება დაფიქრდეს, რატომ იკრავს ასე და არა სხვაგვარად ან რა დანიშნულება აქვს თასმის შეკვრას, რაც ყურადღების გამახვილებას ნიშნავს ერთ კონკრეტულ პროცესზე და არანაირ კავშირში არაა მის დარღვევასთან.
  3. ლოგიკური მსჯელობის უნარის დაქვეითება – თუ შსს-ისა და მოსახლეობის უმრავლესობის ლოგიკას გადავხედავთ, მთელი ერი ,,მოწეული” დადის. პირველს ვერ გაუცნობიერებია ის, რომ საკუთარი სხეულის მართვა სხვათთვის ზიანის არმიყენების შემთხვევაში ამ კონკრეტული პირის საქმეა და არა უფლებადარღვევით მასზე ზრუნვა. ის ფსევდოპატრონული და ძალისმიერი გამოვლინებები კი რასაც ეს ორგანო ამ შემთხვევაში ახორციელებს, სცილდება არა თუ ჰუმანურობის, არამედ პირადი სივრცის ხელყოფის კანონებსაც. მეორე შემთხვევაში კი თარხან-მოურავი და ინაშვილი პარლამენტში სხედან – ზედმეტა სხვა განმარტება.
  4. შემეცნებითი უნარის დაქვეითება – აქ, ალბათ ისევ დასწავლა იგულისხმა და კრეატიულობასთან არაფერი აქვს საერთო. დასწავლის ფენომენი რიგ შემთხვევაში გადააზრებას, დაფიქრებას უკავშირდება, რის საშუალებასაც მარიხუანა ხშირ შემთვევაში იძლევა.
  5. მოძრაობის კოორდინაციისა და წონასწორობის დარღვევა – ალკოჰოლურ თრობაში ერევა ალბათ. უნდა აღვნიშნო, რომ განძრევის სურვილის ქონის შემთხვევაში არაკოორდინირებუად არავინ იქცევა. ასეთ დროს იმდენად ორიენტირებულია ადამიანი ფიქრის პროცესზე, რომ მოქმედების სურვილი უკანა პლანზეა გადატანილი. ამოცანის შესრულების აუცილებლობის შემთხვევაში კი სრულიად ადეკვატურად იქცევა.
  6. ტაქიკარდია – თამბაქო, ყავა და სხვა ნივთიერებებიც იწვევენ ტაქიკარდიას. ასევე ბევრი სხვა პროცესი, რომელთა შესრულება ადამიანს უწევს ჩვეულებრივ გარემოში. რიგ შემთხვევაში ტაქიკარდია აღმოცენდება დაძაბულობის, არასასურველი პირის ან პირიქით, სასურველი პირის ნახვის შედეგადაც.
  7. მეხსიერების დარღვევა – იხ. ზემოთ. დამატების სახით კი ვიტყვი, რომ ადამიანი (ან  ადამიანთა უმეტესობა) ყველაფერს არ და ვერ იმახსოვრებს.
  8. დამოკიდებულება – სრულიად არაადეკვატური საბუთი. ადამიანი, რომელსაც ოდესმე მოუხმარია მარიხუანა, მისი არქონის შემთხვევაში არ იტანჯება იმით, რომ ეს მცენარე ხელთ არ აქვს. არასდროს ვარდება დეპრესიაში იმის გამო, რომ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოიხმარს. აცნობიერებს იმას, როდის შეუძლია მოიხმაროს და როდის – არა.
  9. ქრონიკული ხველა, ბრონქიტი, ემფიზემა – ჩამოთვლილი დაავადებებიდან უმეტესობა თამბაქოს ახასიათბს. ასევე იმ გარემოს, რაშიც ადამიანს უწევს ცხოვრება. უმჯობესი იქნებოდა, ამ პერსონას ყურადღება გაემახვილებინა თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე, ხოლო შემდგომში როცა ამ ფაქტორს გამორიცხავდა, მაშინ ესაუბრა მარიხუანას წვლილზე ამ დაავადებების განვითარებაში.
  10. თავის, კისრისა და ფილტვების კიბოს მაღალი რისკი – იხ. წინა პუნქტი. დამატების სახით აღვნიშნავდი მოხმარებულ პროდუქციათ უმეტესობას, რომელიც ადამიანის კვების რაციონში შედის, არაჯანსაღი და საეჭვო წარმომავლობისაა. დანამატები, რომლებიც ამ საკვებს აქვთ კიბოსთან ისეთსავე კორელაციაშია, როგორშიც თამბაქო და გამონაბოლქვი. ასე ხელაღებით მარიხუანას ,,დადანაშაულება” მიუღებელი და სრულიად უსაბუთოა.
  11. რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება მამაკაცებში – ზემო პუნქტები აქაც რელევანტურია. რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა ალკოჰოლსა და თამბაქოსაც აქვს, აგრეთვე, პროდუქტებისა თუ მისი დანამატების უმრავლესობას, რომელსაც ადამიანი საკვებად მოიხმარს.
  12. მწეველი დედების შვილები დარღვეული ნერვული სისტემით იბადებიან – აქ მეტი კონკრეტიკაა საჭირო. თუ ფსიქიკის ლაბილურობას გულისხმობს, დიდ გავლენას ორსული დედის სტრესულ სიტუაციაში ყოფნაც იწვევს, რაც მოიცავს არა მხოლოდ ოჯახურ ძალადობას, არამედ მომავლის საფრთხეები და აღზრდის საკითხები, რომლებზეც სახელმწიფო (ანუ პარლამენტარები, მმართველი რგანოები) თვალს ხუჭავს. რაც შეხება თავად ნერვული სისტემის ანატომიურ დარღვევებს, ნაყოფზე ტერატოგენულად მოქმედებს როგორც თამბაქო და ალკოჰოლი, ასევე მოხმარების საგან-პროუქტთა უმრავლესობა. სიგარეტის, მარიხუანასა და ალკოჰოლის ხმარებიდან ამოღების შემთხვევაში იმის პროგნოზირება, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადება არათუ მედიცინის, ზებუნებრივი ძალების საზღვრებსაც სცდება.

აღნიშნულ პირს, რომლის პასუხადაც ამ სტატიას ვწერ, თავის ვრცელ პოსტში მოყვანილი აქვს ზოგადი მაგალითები იმის შესახებ, თუ რას იწვევს მარიხუანას მოხმარება სკოლის მოსწავლეებში და რა პრობლემები ექმნებათ შემდგომში სამუშაოს მხრივ თუ სხვა სოციუმში. უპირველესია აღინიშნოს, რომ სკოლის მოსწავლეებში კანაფის მოხმარება ისევე დაუშვებელია, როგრც თამბაქოსა და ალკოჰოლის. ასევე, იმ სხვადასხვა ქიმიური საშუალებებისა, რომლებსაც ისინი მიმართავენ ე.წ. ,,კაიფის” გამოსაწვევად. ამით დასტურდება ის, რომ მხოლოდ ზერელე საუბარი მარიხუანას ბრალეულობაზე მიღებელი და უსაფუძვლოა. გარდა მარიხუანასი, სკოლის მოსწავლეები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა ნივთიერების მოხმარებას, რომელთა შემადგენლობა და ორგანიზმზე გავლენა სამედიცინო პერსონალისთვისაც კი უცნობი რჩება ბევრ შემთხვევაში. პროფესიიდან გამომდინარე, მინახავს ბევრი თვრამეტ წლამდე და ოდნავ მეტის ადამიანი, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე შექმნია არა მარიხუანის, არამედ სხვა ნივთიერებების მოხმარების გამო.

სისულელედ მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ მარიხუანას მოხმარება სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებზე გადასვლას იწვევს. ასეთ შემთხვევაში თავად გარემოსა და ადამიანის მიდრეკილებებზეა დამოკიდებული ადამიანი რა ,,პროდუქტს” მიიღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მძიმე ნარკოტიკების მოხმარება რამდენადმე პირდაპირპროპორციულია დასაქმების ინდექსთან. ანუ, გამოდის, რომ რეალურ მიზეზებზე საუბარს ისევ მარიხუანას თემით აპელირება სჯობს.

რაც შეეხება თავად დეკრიმინალიზაციის მომთხოვნთა საკითხს, მათი უმრავლესობა მომხმარებელიც კი არ არის. ხედავენ რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, პოლიციური სისტემის ძალოვანებას, ჩხრეკის ფაქტებს, ამ ფაქტზე დაკავებულთა ისტორიას (მათ შეხედულებებს, ცხოვრების სტილსა და პროგრესულობას), შარდის შეგროვებაზე დახარჯულ ბიუჯეტს (რომელიც საშუალოდ 2.5 სტუდენტის დაფინანსებას ეყოფა) და სხვა, სახელმწიფოსგან არასათანადო, უპასუხისმგებლო, თავნება და პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებს, გამოდიან იმ მოთხოვნით, რომ სახელმწიფოსა და პოლიციურ სისტემას ჩამოერთვას ყველაზე მარტივად სამანიპულაციო, ადამიანთა უხეში დისკრიმინაციის ბერკეტი.

ამ მოთხოვნებით, ეს ადამიანები სახელმწიფოს მოუწოდებენ რეალური საქმით დაკავდნენ – ყურადღება მიაქციონ გაზრდილ კრიმინალს, ოჯახში ძალადობის ფაქტებს, მუქარებს, ფაშისტურ ორგანიზაციებს, პარკირების სისტემებს (აკრძალულ ზონაზე რომ თავად შსს-ის მანქანები აყენია) და სხვა იმ რეალურ პრობლემებს, რომლებიც სამართლიანი სახელმწიფოს შენების ხელისშემშლელი ფაქტორებია. აგრეთვე, დასამატებელია აქვე ისიც, რომ ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები ჭიანჭველებად და ფულის კეთების საგნებად აღიქვამენ სხვა ადამიანებს და არა თანასწორებად. მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები, გინებისა და მუქარისშემცველი ფაქტები კი საპირისპიროს ამტკიცებს, რამდენადაც არ უნდა ისაუბროს სახელმწიფომ არჩეული კურსის სისწორეში.

Categories: U-კატეგორიო | დატოვე კომენტარი

სამოსელი პირველი

ანუ ამბავი ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმოდგენისა

Image

,,ჩვენ ყველს გვაქვს ჩვენი ქალაქი”, ,,ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მდინარე” – ასევე გვყავს ჩვენი გმირები და ასევე ჩვენებურად შეგვიძლია ნაწარმოების აღქმა, დამუშავება და ინტერპრეტაცია. რთულია, ერთდროულად იფიქრო წარმოდგენის სიუჟეტზე, მუსიკალურ განვითარებაზე, გმირების ხასიათზე, ქორეოგრაფიაზე, დეკორაციასა და იმაზე, როგორ აღიქვამს მაყურებელი სასცენო დადგმას იმ წიგნისას, რომელსაც ამდენი ხანია ელოლიავება, ეფერება და რომელიც სამაგიდო წიგნად იქცია. თუმცა, გასათალისწინებელია, რომ იგი თეატრში იმის სანახავად მოდის, რაც შესაძლოა გამოეპარა ან რისი ვიზუალური აღქმაც უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

 ამბავი, რომელიც სიცოცხლის წრებრუნვას, სიყვარულის მარადიულობას, სულის უკვდავებას, დაცემასა და აღზევებას, რიგ ღირებულებასა და უპირველეს ყოვლისა, ტოტალიტარული რეჟიმის არანამდვილობას, სიცრუეს ასახავს, ქართველმა მაყურებელმა ოპერისა და ბალეტის დიდ სცენაზე იხილა, დიდი ოვაციებით დაჯილდოებაც დაიმსახურა და რამდენიმე კურცხალი ცრემლიც – შესაბამისად, წარმოდგენა შედგა და ვიქნები პესიმისტი, თუ ვიტყვი, რომ ცუდად. რა თქმა უნდა, დადგმა კარგი იყო. თანაც, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დიდი ნაწარმოების სცენაზე გატანა ისტორიაში პირველად მოხდა. გმირების მრავალფეროვნების, სიმრავლისა და ტექსტის სირთულის გამო, იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რას შეიძლება მოელოდეს მაყურებელი და არ დახვდეს სცენაზე.

უპირველესად, აღვნიშნავ, რომ ხაზის ერთიანობის მიუხედავად, სპექტაკლმა სიმშრალის შთაბეჭდილება დატოვა. არ ვყოფილვარ თავიდანმე სკეპტიკურად განწყობილი და არ ველოდებოდი, რომ სპექტაკლი ცუდი ან უარესი იქნებოდა, როცა მისი გაცოცხლება პროფესიონალებმა ითავეს, მაგრამ თანდათანობით გამოიკვეთა დაუკმაყოფილებლობის ის შეგრძნება, რომელიც გმირთა მკითხველისეულ დრამატიზაციასაც შეიძლება დავაბრალოთ, მისეულ წარმოდგენებსაც მათზე და სცენების მაყურებელში გადახარშულ აღქმებსაც. შესაბამისად, მაყურებელს თავის თავთან იმდენჯერ აქვს ნათამაშები თითოეული სცენა, რომ თეატრის მსახიობებისგან უფრო მეტს მოელოდა, ვიდრე იხილა. კოსტიუმირებასაც და გრიმსაც. ვიქნები ის ,,ბალახისფერი კაცი” და პატიოსნად ვიტყვი, რომ მონაკვეთებში მეჩვენებოდა, თითქოს, ერთი სული ჰქონდათ, როდის დაამთავრებდნენ წარმოდგენას. გამომდინარე აქედან, ჩემი მიზანი სპექტაკლის დაკნინება და მიწასთან გასწორება კი არა, იმის მოწოდებაა, რომ უკეთესის გაკეთება შეიძლება.

ავიღოთ, თუნდაც დომენიკო – რომელიც მაღალი, გამხდარი და ფერმკრთალია, ან მერსედეს ბოსტონის დაბადების დღეზე ეს გმირი – ყვითელი ზემოთ აწეული თმით, შუბლზე მწვანე თვლით, მწვანედვე შეღებილი ტუჩებით, წითელი ყელით – სად ჩანს გმირის ხასიათი? მხოლოდ ქმედებაში? ესეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ორი გმირის სახე მარტო ქმედება ხომ არ არის?

ძალიან დამაკლდა ცეკვის მონაკვეთები ტერეზასი -პირველი თოვლისას.იგი რა თქმა უნდა, ცეკვას, მაგრამ ამ ცეკვას აკლდა ის ემოცია, ის გზნება, რომელიც თოვლს გაადნობს,  რომელიც მაყურებელს ეტყვის, რომ დომენიკოა სწრაფვის საგანი, ის დომინანტური ირაციონალური რამ, რაც ამ წინასწარმეტყველმა ქალმა (და ესეც არ იცის მაყურებელმა) აირჩია. მეორე – მანუელო კოსტასა და კონსესიონის (მანუელას) ცეკვა – ამით გაიცნეს ერთმანეთი, ამით მიხვდნენ, რომ ერთნი არიან, ერთ არსს ეკუთვნიან და თავად არიან ერთნი – აი, აქ მჭირდება ქორეოგრაფი, სადაც ძნელად წარმოვიდგენ, როგორ ცეკვავენ ისინი ან რას ცეკვავენ. აქ მჭირდება მათი სულის მუსიკა და არა ფონად. კარგია, ბრძოლის სცენები რომ ცეკვის ენაზეა წარმოდგენილი, მაგრამ თვლების დაწვასაც თუ მიჩვენებდა რეჟისორი ამავე მოძრაობებით (მამა-შვილის, ღმერთისა და სულის საუბრის) ფონზე, უკეთესი იქნებოდა. თუმცა, არაჩვეულებრივი და წარმოუდგენლად დიდი შთაბეჭდილების მომხდენია ანა-მარიას ცეკვა დომენიკოსთან შეხვედრისას და მისი მოძრაობები სულთა მეუფესთან (ფილმი ამას, სავარაუდოდ, უსახო ირაციონალურ არსებად შემოგვთავაზებდა), სადაც სრულიად გაიხსნა მისი პერსონაჟი – ის, რომ არაამქვეყნიურია, ამ გარემოს, სააქაოს არ ეკუთვნის და მისი ღირსიც არ არის.

აგრეთვე,ბუნდოვანსა და უღირსი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს დომენიკო, როცა იგი ტერეზას უსიტყოდ ტოვებს – არადა, ერთ-ერთი ნამდვილი ქალია, ნამდვილი ადამიანი, რომელიც მაღალი სოფლიდან ჩამოსულმა იხილა, რომლის ღირსიც გახდა. ის კი, ისე ტოვებს, ვითომ არც ყოფილა მის ცხოვრებაში და ცეკვა. ოჰ, ღმერთო ჩემო! (ეს ეპატაჟურობა და პოპულისტობა მომაშლევინა!) ცეკვას ვერ ვივიწყებ. ნუთუ, ასე დაინახა თავდაკარგული და შეყვარებული ტერეზას ცეკვა მსახიობმა?!

მოკლედ, ისევე მშრალად მინდა დავასრულო და ზედმეტ უარყოფით მხარეებზე არ გავამახვილო ყურადღება, როგორც წარმოდგენის ავტორები მოიქცნენ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მუსიკალური შესრულება, საოპერო არიები და ქორეოგრაფიული ელემენტები იყო ძალინ კარგი. აქვე წარმატებებსაც ვუსურვებ შემდგომ წარმოდგენებს და დახვეწასაც. აგრეთვე, ამ მოკრძალებულ კრიტიკას უარყოფითი თვალით ნუ შეხედავენ (თუ წაიკითხავენ) და მაყურებელსაც ვურჩევ, და რეკომენდაციას ვუწევ, ამ ნაწარმოების ხელახალი გადაკითხვის შემდეგ აუციელბლად დაესწრონ წარმოდგენას.

პ.ს. აშკარად დავრწმუნდით, რომ სცენა ძალიან პატარა აღმოჩნდა გ. დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი”-სთვის და შემდგომში ვისურვებდი, დიდ ეკრანზე გვეხილა იგი მთელი თავისი ღირებულებებით.

პ.პ.ს. რა ვქნა, ალბათ, ცუდი ადამიანი ვარ, ასე რომ  ვწერ, მაგრამ პერსონალური ბლოგია და არა საჟურნალო სტატია. შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, იმ გულისტკივილზე ვისაუბრო მხოლოდ, რაც ზემოხსენებულს მაწერინებს.

Categories: თეატრი, მუსიკა, ფილმი, ჩანახატისმაგვარნი, ცეკვა, წიგნი | Tags: , , , , | დატოვე კომენტარი

მე ვარ ბესო

თანამედროვე ქართული ფილმების ყურებისას მუდამ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მეუფლება. ველოდები უფრო მეტს იმ ფონზე, რომ წინა შეცდომებს, სხვის შეცდომებსა და ლაფსუსებს სხვა რეჟისორები გაითვალისწინებენ. გარდა სიუჟეტური ხაზის არასათანადო წყობისა, ყურადღებას აუფასურებს ათასჯერ გადაღეჭილი თემები: ნარკოტიკები, აფხაზეთი, 90-იანების თბილისი და სასჯელაღსრულება.
ამიტომ მეშინია ხოლმე კინოთეატრებში მათ სანახავად წასვლა. ათასჯერ გადაღეჭილი თემა – რა ინტერპრეტაციით უნდა მიიტანოს მაყურებლამდე რეჟისორმა? ასეთ შემთხვევაში ემოციებიც გაციებულია პრობლემებისადმი და მგონი, რაც ამ თემებთან დაკავშირებით დარჩათ ფილმის შემქმნელებს, ფსიქედელიურ და სურეალისტურ ასპექტებში გაკეთებული კინოა.
ამას გარდა, ყოველთვის უკმაყოფილების შეგრძნებას აჩენს ის, რომ მოქმედიებები უმეტესად თბილისში ხდება და ვერ ვხედავთ პროვინციულ ცხოვრებას. მოვლენები ცენტრალიზებულია და ეპოქისა თუ გარეშე სივრცის ასახვა არ ხდება. მხოლოდ სინოფსისიდან ან ტრეილერიდან ვხვდებით, როდინდელ მოქმედებასთან გვაქვს საქმე.

wpid-wp-1443960071596.jpeg

Continue reading

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

LOVE – სექსი მაყურებელთან

,,სიყვარული დაუმორჩილებელი ჩიტია, რომლის მოთვინიერება არავის ძალუძს…

სიყვარული ბოშა ბავშვია, რომელსაც კანონები დასაცინად მოსწონს”

კარმენი, ჟორჟ ბიზე, 1875.

love2015 წლის საავტორო კინოს ბათუმის საერთშორისო ფესტივალი (X BIAFF) მაყურებლის წინაშე დიდი ამბიციით, უცენზურო შიშველი კინოს 3D-ში ჩვენებით გამოირჩეოდა. სიყვარული – გასპარ ნოეს ფილმი, რომელიც რუსეთში (იმის გამო, რომ ეროტიული სცენებით იყო აგებული და მათი ამოჭრა შეუძლებელი იყო), დაბლოკეს. შეიძინეს და თაროზე შემოდეს. საქართველოში კი, დიდი სიხარულით აღვნიშნავ, აჩვენეს.

პოეტურ ენაზე გადმოცემული სხეულების სიშიშვლე ფილმის ესთეტიურ სიძლიერეს წარმოადგენს. კამერის მუშაობით უშუალოდ ადამიანის კორპუსზე, გარეგნულ მხარეზე და ამ ფონზე დრამის აგებით ნოე ცდილობს, სიყვარული და სექსი ერთ ჭრილში განიხილოს. მისთვის არ არსებობს სიტყვა პლატონური ან უბიწო, რადგან წარმოუდგენელია სიყვარული ხორციელი ტკბობის გარეშე. თუმცა, ეროტიკული სცენების სიმრავლე ბევრი მაყურებლისთვის მიუღებელსა და ამასთანავე, ,,მაცდუნებელს” ხდის ფილმს.

გასპარის ამბიცია- არ ვიქნები სუბიექტური, თუ აღვნიშნავ- შეექმნა ინტელექტუალური კინო სიყვარულსა და სექსზე, მთლად ვერ გამართლდა. თუმცა, მან აჩვენა, რაოდენ მიმღებლურია, ,,დამთმობი”, გამგები ევროპული მხარე ამერიკულთან შედარებით. რა კომპრომისზე წასვლა შეუძლია ქალს მამაკაცის გამო და რა შეიძლება გააკეთოს კაცმა ქალისთვის. პოლიტიკურ ჭრილში, ამერიკის კონსერვატიულობისა და პრმიტივიზმის ჩვენებაზე დაიწერა კიდეც და ამაზე არ შევჩერდები.

თუ დიალოგების მხრივ  შევხედავთ ფილმს, აშკარად დავინახავთ სიმწირესა და ფსევდოინტელექტუალურობას. ამის გათვალისწინებით, ნებისმიერი პორნოფილმიც თავისი ესთეტიური მხარითა და ქვეშდამალული მესიჯებით (ძირითადად, გათავებაზე ორიენტირებული) შეგვიძლია ჩავთვალოთ კარგი კინოს ნიმუშებად (საუბარი მაქვს ნოესთან მიმართებაში და არა, ზოგადად, პორნოინდუსტრიის უპირატესობაზე კინოსთან). მაგრამ რეჟისორის ორიგინალურობა სწორედ გამოხატვის თავისებურებასა და სიყვარულ-სექსის ინტერპრეტირებით აისახა. რომ არა მისი წინა ფილმები (უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ,,შეუქცევადი” მაქვს ნანახი), ალბათ მისი ჩვენება არ შედგებოდა კანის კინოფესტივალზეც (Irreversible-ში მონიკა ბელუჩის გმირის გაუპატიურების გულისამრევობამდე რეალისტური სცენა კინემატოგრაფიული ენით გადმოცემულ აღსანიშნავ კადრად ითვლება). გასპარი არ ღალატობს თავის ჩვეულ სტილს და ამბავს უკუღმა გვიყვება. მერფის სასოწარკვეთითა და სევდით დაღლილი სახიდან სიზმრისეული კადრით ვხედავთ მის განვლილ ცხოვრებას. დროთა თანმიმდევრობის ერთმანეთში არევის მიუხედავად, ნათლადაა გამოყოფილი წარსულისა და აწმყოს ხაზები.

ფილმის მდინარების პარალელურად, ზემოაღნიშნული პრობლემების გარდა, ვხვდებით არასრულწლოვანთან სექსის თემასაც, აგრეთვე, ნოეს სქესობრივი ექსპერიმენტის სახით შემოჰყავს ტრანსსექსუალი მამაკაცი. თემის ასეთი სიმძიმის ფონზე ერთგვარად რთულია რეჟისორის პოზიციის დანახვა. მხოლოდ ზედაპირულად შეიძლება ამოვიკითხოთ მისი დადებითი დამოკიდებულება არასრულწლოვანთან სექსისადმი და ტრანსფობიური კურსი (კაცი რეჟისორის გადმოსახედიდან). ის კი გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდული მოჭარბებული სქესობრივი ენერგია, სწრაფვები და სურვილები მთლიანად გააშიშვლა და მაყურებლამდე მოიტანა.

ფანტაზიური თუ რეალური სცენების ასახვით იგი უფრო დიდ მასშტაბზე გადის და უშუალოდ კამერის საშუალებით აქვს სექსი კინოდარბაზში კომფორტულ სკამზე მოკალათებულ მეთვალყურესთან. ოღონდ, უკუღმა. არა ზურგშექცევით, არამედ, აქტის უკუღმა მიმდინარეობით – ჯერ ეაკულაცია, შემდეგ – შედება.

იმ თვალსაზრისით, რომ სხეულის სიშიშვლე კინოსთვის (და მაყურებლისთვისაც) არ უნდა წარმოადგენდეს ეგზოტიკურობას, გასპარ ნოემ ასეთივე ხერხით მოიტანა მაყურებლამდე და უშუალოდ აქცია იმ პროცესის დამსწრე და მონაწილედ, სადაც სიყვარულსა და სექსს შორის ზღვარი იშლება.

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Mountains may depart OR Go west

mountains may depart

ამას წინათ 9gag-ზე ფოტო გავრცელდა, სადაც აღწერილი იყო, როგორ გაჭრა გზა მთის შუაში ინდოელმა მამაკაცმა, რომელსაც ამ მთის გადალახვისას ცოლი დაეღუპა. ცზია ჩჟანკეს ფილმი – ,,შესაძლოა, მთებმა ადგილი იცვალონ“- ამ პრობლემას არ ეხება, თუმცა იმას კი ნამდვილად აღწერს, რაოდენ დაუოკებელია ადამიანის შესაძლებლობები სურვილის ქონის შემთხვევაში.

BIAFF-ის ფარგლებში ფილმი დიდოსტატთა კოლექციის სექციაში იყო წარმოდგენილი და სინოფსისის მიხედვით სასიყვარულო სამკუთხედზეა, სადაც ბავშვობის ორ მეგობარს თავიანთი პატარა ქალაქის ერთი ლამაზი გოგო უყვარდებათ.  სასიყვარულო ბანალურ კონფლიქტებს და არჩევანის სიცხადეს თან ერთვის დაპირისპირებები მდიდარ და ღარიბ კლასებს შორის.

მოვლენები 90-იანების მიწურულს ვითარდება და ამ ეპოქაში გაზრდილი ადამიანისთვის იმდენად ნაცნობი გარემო იხატება, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად ხდება მოვლენები, ჩინეთში თუ მათ გვერდით. წარსულის გამოხატულებით ტრადიციებისადმი პატივისცემით, უახლოესი და შორეული მომავლის სინთეზით აწმყო დროსთან რეჟისორი აჩვენებს დროის უწყვეტ მდინარებას. უწყვეტია თავად თხრობაც და მაყურებელი არ იღლება.  პირიქით – სიამოვნებას ღებულობს ლამაზად გაკეთებული ფილმისგან და უფრო მეტ მონატრებას განიცდის წარსულისადმი. იმ დროისადმი, რომელშიც გაიზარდა, რომელმაც სულიერი საზრდო მისცა კულტურული თუ უბრალო ცხოვრებისთვის და რომელიც რაღაც დონეზე შეცვალა აზრიანად თუ უაზროდ საკუთარი ნებით ან ცივილიზაციის განვითარების შესაბამისად.

კადრებში აშკარად გამოსჭვივის კითხვა,  რა აქვს სათქმელი 90-იანების თაობას მომავლისთვის (მიუხედავად იმისა, რომ ფილმში გაჟღერებული სინგლი 70-იანების მიწურულს ეკუთვნის, 90-იანების თაობამ თავისი ვინტაჟ- ფლეილისტების გამორჩეულ სიმღერად აქცია)? ეს ის თაობაა, რომელიც აკავშირებს მომავალს წარსულთან – ანუ ის აწმყო, რომელიც თავის დროზე ასე ებრძოდა გარკვეულ ტრადიციებს, ცდილობდა მათ შეცვლასა და ღირებულებათა სათანადო გადაფასებას.

არჩევანის პირდაპირი ნაყოფი – ტაოსა და თავისი შვილის, დაოლეს ურთიერთობაა. ამ შემთხვევაში დედა ფესვებთან, ტრადიციებთან უფრო ასოცირდება. არ ვიცი, რამდენად სიღრმეში, მიტოქონდრიონულ დონეზე ჩაიხედა რეჟისორმა, მაგრამ ცხადია, რომ მან ეროვნულობის კოდის ქალის ხაზით გადაცემა მსხვილი შრიფტით ამოკვეთა, ხოლო დაოლეს (შემდგომში დოლარად წოდებული) მცდელობა ფესვებისკენ შემობრუნებისა, თვისი ორიგინალური სახელის გახსენებისა, ავტომატურად გვაბრუნებს იაპონელი რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის Spirited Away-სთან, სადაც სახელის დაკარგვა ასოცირდება აჩრდილთა სამყაროში ჩარჩენასთან.

მიუხედავად იმისა, რომ ტაო არ არის პროგრესის მოწინააღმდეგე (ფილმში ეს მხოლოდ მისი მისწრაფებების და მომავალი ცხოვრების კადრების ჩვენებით ჩანს), ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ხვდება, რაოდენ მნიშვნელოვანია ეროვნული თუ პიროვნული ინდივიდუალურობა. დასავლურ სწრაფვებს დაპირისპირებული ჯანსაღი ტრადიციები,  საღი გონება და გამჭრიახობა მას არც თუ ისე დიდ ბედნიერებას უქადის.  მერე რა, თუ შვილის ჩურჩულს მისი მოსახელე ტალღები მოიტანენ. დაოლე, ალბათ, თავის სახელსაც გაიხსენებს და სახლისკენ მიმავალ გზასაც – მას ხომ დედის სახლის გასაღები გულზე ჰკიდია და ამ დრომდე ახსოვს მამა-პაპური საჭმლის გემო, ტრადიციებს მოწყვეტილი დედისტოლა ქალები რომ ვეღარ ამზადებენ.

P.S. :

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

James White


დიაგნოზი – კიბო. ვერაგი დაავადება, რომელიც ქიმიოთერაპიის შემდეგაც შეიძლება დაბრუნდეს, თუ გაგიმართლა და ადრეულ სტადიაზე მიუსწარი. თუ არადა ერთადერთი გამოსავალი სიკვდილია. დაუსრულებელი კვლევები, პრობლემები ცხოვრებასა და საავადმყოფოში. მოკლედ, შიში მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში, რომ ისევ არ დაბრუნდეს და ქიმიოთერაპიის მსგავსი გულისამრევი პროცესი თავიდან არ გაიმეორო. იუმორი ერთადერთი წამალია ამ დროს. ისეთი იუმორი, რომლებიც ცრემლებამდე მიგიყვანს. ცრემლების დენა ამ დროს ორაზროვანია – იცინი შენს თავზე და ამავდროულად გეტირება. იცინი, მაგრამ იცი, რომ ეს სიცილი სიხარულთან არაფერ შუაშია – უფრო მეტად დასცინი საკუთარ ბედს, საკუთარ ყოფას. მდგომარეობასთან უკვე შეგუებული მაინც იბრძვი – ძალებგამოცლილი, მაგრამ მაინც რაღაცნაირი შემართებით, აი ისეთით, რაიმე ბრძოლაში რომ ვერ გადარჩები, მაგრამ მაინც იბრძვი გარშემომყოფთათვის – არ გინდა, შენი წასვლით გული ატკინო, ან მაგალითს აძლევ შეუპოვარი ცხოვრებისას.

james

ასეთ გზაზე შემდგარისთვის იუმორი განსაკუთრებულად აუცილებელია. სიცოცხლის მთელი დარჩენილი წლები ამ იუმორშია, რადგან ხვდები, რომ ამ სისულელეებითა თუ ცხოვრების სასაცილო მონაკვეთებით უფრო დაამახსოვრდები საყვარელ ადამიანებს. ვიცი, ახლა მაგ სტადიაზე ვარ. კიბო არ მაქვს, უბრალოდ, არ ვიცი რამდენი დღე დამრჩა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

james-white

ჯოშ მონდის “ჯეიმზ ვაითი” სწორედ ასეთ პრობლემას, ცხოვრებისა და კიბოს ბოლო სტადიას ეხება. ფილმში აღწერილი მოვლენები მოიცავს თვითონ დაავადებულის, მისი შვილისა და მეგობრების იმჟამინდელ ცხოვრებას. დამღლელი ქიმიოთერაპია და თანმდევი მოვლენები უფრო აღქმადი და მაყურებლისთვის გვერდითმდგომი ხდება რეჟისორის მიერ ფილმის გადაღების დროს გამოყენებული ხერხით – კამერის სპეციფიური მოძაობით გმირებთან უფრო ახლოს იგრძნოს თავი.

ამ ფონზე გასაგები ხდება გმირის გრძნობები და მდგომარეობა. ის, რომ ჯეიმზს ცხოვრების საუკეთესო ხანაში (ბავშვობის შემდგომ) ბევრი პრობლემის წინაშე უწევს დარჩენა და მათთან გამკლავება, მას ღლის, თუმცა მუხლჩაუხრელად ცდილობს დაეხმაროს მარტოდდარჩენილ დედას. ახალი პასუხისმგებლობების გაჩენა აიძულებს თავისი ცხოვრება უკანა პლანზე გადასწიოს და ის დააყენოს წინ, ვისაც ეს მეტად ესაჭიროება.

1420208627-miranda_hobbes_and_magda

აღსანიშნავია, მსახიობთა არაჩვეულებრივი შესრულება და ბუნებრიობა. ამ ფენომენს ყოველთვის რეჟისორის დიდ დამსახურებად ვთვლი, თუმცა იმას არ ვამბობ, რომ ,,მსახიობი პირუტყვია, რომელიც რეჟისორმა შეიძლება ადამიანად აქციოს’’ (ოთარ იოსელიანი – Q&A ტიპის შეხვედრაზე, რომელიც BIAFF-ის ფარგლებში გაიმართა). სინთია ნიქსონი, რომელიც ბევრმა ჩვენგანმა Sex & The City – თი გაიცნო, სულ განსხვავებული იერითა და დიდოსტატობით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ქალი, რომელიც მძიმე დაავადების მიუხედავად, მაინც ოცნებობს, იმედს არ კარგავს მომავალ ცხოვრებაზე და ცდილობს გადარჩეს იმისთვის, რომ მარტო არ დატოვოს შვილი.

ამ ფონზე, ვფიქრობ, ფილმი საინტერესო და ძალიან კარგი გამოვიდა. არაჩვეულებრივიც.

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , , | 2 Comments

შველის თუ არა ქართველ რეჟისორებს სხვა ქვეყნის პროტექცია

my-good-hans

საკმაოდ დიდ სირთულესა და პასუხისმგებლობას წარმოადგენს ფილმის გადაღება. მით უმეტეს, მაშინ, როცა მაყურებელი შენგან ბევრს ელოდება, ჩემო კარგო, ჰანს!

არც გამომსახველობის განსაკუთრებულობა, არც სცენარის სიმდიდრე – მშრალზე დარჩენილ მაყურებელს იმედიც ეცლება და მუდმივად გაურბის გრეტას მსგავსად. სამშობლოს მონატრებას რომ სხვა ერის შვილებიც აღიქვამენ და ქართველებზე ნაკლებად არ განიცდიან, მგონი ყველასთვის ცხადია. თუმცა, ნოსტალგიურობისთვის ხაზგასმის საჭიროება მინდაძემ მაინც დაინახა და მთავარ სათქმელად მაყურებელი მას უფრო აღიქვამს.

თავისუფლებისთვის ბრძოლა, გაქცევა, დაუმორჩილებლობა, ტყვეობასთან, დაუფასებლობასთან შეუგუებლობა, სიყვარულის უგულებელყოფა – ასეთი  მახასიათებლებით ფილმი ერთი შეხედვით იმაზე უკეთესი უნდა ყოფილიყო, ვიდრე აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ მხოლოდ სათქმელის მრავალფეროვნებამ და ბევრ პლანზე გაჭრამ ვერ უშველა ფილმს. სექსუალობის უძლურად წარმოჩენამ კი ისევ და ისევ გამოხატვის კომპლექსებთან მიგვაბრუნა. გაუგებარია, რისი თქმა სურდა ამით რეჟისორს- იმის, რომ უცხო გარემოში, ტყვეობაში გამრავლების სურვილი გამქრალია, გამოსავალის არარსებობა-გზის დახშობა თრგუნავს ამ ინსტინქტს თუ იგი სადისტური ელემენტების მქონე ქცევად გარდაიქმნება პრობლემების თანაარსებობისას. ჭადრაკის მეფის ვაგინაში შეტენვით ალბათ ან იმპერიოდის ტირანი მმართველების უკან შებრუნება და ახლებურად დაბადების მცდელობა იგულისხმა, ან ერთი ტირანის წასვლისა და სხვისი მოსვლის დაუსრულებელი ციკლი.

https://www.youtube.com/embed/VeTPpEOuqes” target=”_blank”>http://

მიუხედავად საინტერესო სინოფსისისა, მინდაძის კინომ ვერ გაამართლა მოლოდინები. ალბათ, იმიტომ, რომ ეროვნულ კინოსა და ქართველ რეჟისორებს მეტ ვალდებულებებს ვაკისრებთ. ან მართლა არ იყო კარგი ფილმი. მგონი, ტრეილერის მეტრაჟი უფრო კარგად გადმოსცემს სათქმელს, ვიდრე მთლიანად ფილმი – ცოცხალ ნახატებად შეკოწიწებული კადრები შიშკინის ნახატების სიმარტივითა და მასაზე გათვლილ ელემენტებს უფრო შეიცავდა, ვიდრე რაიმე კომპლექსურობის გამოხატულებას.

შიშკინი - დილა ფიჭვების ტყეში

არ იქნება ცუდი, თუ რენუარის დიდ ილუზიას მოვიხმობ მკვეთრი კონტრასტისთვის – აქ გამოხატული გარემოებების მხრივ მინდაძის ფილმი ერთგვარ ‘თრეშადაც’ მოგვეჩვენება. შედარებისთვის აქ მოხმობილი ფილმი იმდენად კარგად გამოხატავს ილუზიურ გარემოს ომის ფონზე ყველა ასპექტში, რომ ალექსანდრე მინდაძეს რაიმე ახალი, კარგად გასაგები მესიჯები უნდა ესროლა, ან წინასწარმეტყველების (თუნდაც მცდარი) მხრივ ყოფილიყო გამორჩეული, რაც რეჟისორმა არ, უფრო მეტად კი ვერ გააკეთა.

მთელი ამ მდინარების გვირგვინი, ფინალური კადრი იმდენად მდარე, ვითომდაიდუმალებით მოცული იყო, რომ არათუ დააინტრიგა მაყურებელი, უემოციო გულისრევამდე მიიყვანა. ასეთი ბანალურობის მოწონება და გადამღერება შეიძლება კარგი ყოფილიყო პირველ რეჟისორთან, რომელმაც ეს აჩვენა. ან შესანიშნავად აღსაქმელი სასპენსის ფონზე.

***

BIAFF-ის პირველ დღეს მაინც სულ სხვა მოლოდიებით ვიყავი სავსე. დღის მიმდინარეობა ფილმების მხრივ ცოტა არ იყოს და მოსაწყენი და დუნე აღმოჩნდა. მოსაწყენობაში არ ვგულისხმობ, რომ ფილმი მაინცდამაინც სახალისო უნდა ყოფილიყო და ეს მოთხოვნილება არც მქონდა. აზრობრივი დატვირთვის მხრივ ყველა ფილმი მოიკოჭლებდა, რაც ვნახე.

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , | %(count)s კომენტარი

BIAFF 2015

კატალოგის ყდა

საავტორო კინოს ბათუმის საერთშორისო ფესტივალი (BIAFF) წელს საიუბილეო, ათწლიანი არსებობის თარიღს აღნიშნავს. ჯერ-ჯერობით, პირადად ჩემთვის უცნობია, რა განსაკუთრებული ღონისძიებების მომსწრენი შეიძლება გავხდეთ, თუმცა იმთავითვე ცხადია, რომ განვლილ წლებს არაფრით უნდა ჩამოუვარდებოდეს. ალბათ, პირიქითაც.

არ არის ალბათ საჭირო იმის თქმა, თუ რა მოუთმენლობით ველოდებოდი მის დაწყებას. თუმცა, მიუხდავად იმისა,აღვნიშნავ თუ არა ამას,  ბლოგპოსტს მაინც დაჰკრავს ოდნავ მოყვითალო სურნელი და მხოლოდ ჩანაფიქრში რჩება ბიაფის შესატყვის არტ-სტატიად, რომელსაც ერთი გმირი (პოზიტიური ან ნეგატიური) მაინც უნდა ჰყავდეს ჩემ გარდა (ვთვლი, რომ ავტორიც გარკვეულწილად გმირია იმ სტატიის, ნაწარმოებისა, კინოსი თუ სხვა რამის, რასაც ქმნის – გმირი ფიქრს იწვევს მკითხველში, დადებით ან უარყოფით ემოციებს. დანარჩენს ავტორი).

რა აქ მოსატანია, მაგრამ ბოლო პერიოდში თავსგადახდარი მოვლენების გამო თანდათან ვცდილობ ნეგატივი, ნეგატიურობა და ყველაფერი, რასაც მინუს ნიშანი დაესმის, თანდათან გავაქრო ცხოვრებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პოზიტივი, პოზიტიურობა და პლიუს ნიშანი კარგი არ არის, ამ ტენდენციამ მაინც მოიკიდა ფეხი ჩემში და ამიერიდან (სხვა დროისთვის იყოს ამის მოთხრობა) კიდევ ერთი თავსატეხი გამიჩნდა (ესეც იქით იყოს და ისევ მთავარი თემისკენ შემოვბრუნდეთ).

მთავარი ხომ, დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, ბათუმის კინოფესტივალია?! ფესტივალი, რომელიც ასე თავგამოდებით ცდილობს კარგი კინოს პოპულარიზაციას და მისი სახელის ქვეშ დამალურლი ორგანიზატორებისა და მოღვაწეპერსონალის მონდომება რომ არა, ვერც გაამართლებდა. ინფორმაცია სპონსორებზე, მხარდამჭერებსა და  პარტნიორებზე, აგრეთვე სიახლეებზე  შეგიძლიათ იხილოთ facebook-ის გვერდზე, ხოლო კატალოგის ციფრული ვერსია scribd-ზე. ბლოგერთათვის განკუთვნილი პრიზების შესახებ ინფორმაცია კი ასევე facebook -ის გვერდზეა განთავსებული.
მოკლედ, ვაპირებდი მომეყოლა ბათუმის კინოფესტივალის წინა, შუა და შემდგომ ამბებზე და უფრო მეტად ეგოცენტრულ, ეგოდან დანახულ წინასაფესტივალო დღეზე ვისაუბრე. კი, ვებრძვი ეგოს მოჭარბებულ გამოხატულებას, მაგრამ როგორც ჩანს, არასათანადოდ. ეს ბოლო სიტყვებიც ერთგვარი ,,გამპრავებლური” ხასიათის უფროა, ვიდრე რაიმე შედეგისმომცემი, თორემ ადამიანი თავიდან გადაწერდა, მაქსიმალურად შეამცირებდა ,,მე”-ს, პირველი პირის ნებისმიერ გამოვლენას (გრამატიკა-სტილისტიკის დაცვით, თორემ მხოლოდ პირის ნიშნების გაქრობას არ (ვ)გულისხმობ –  ასე, მაგალითად), მხოლოდ ფესტივალზე ორიენტირდებოდა და არა იმაზე, თუ როგორ ატარებს შვებულების ამ მცირე ნაგლეჯს.

სანამ ამ ფრიად ფილოსოფიურ-დემაგოგიურ საკითხს გადავწყვეტდეთ, მივულოცოთ BIAFF-ს ათწლიანი არსებობა, საიუბილეო თარიღი და გახსნის დღე. ვუსურვოთ დღეგრძელობა და უფრო და უფრო კარგად ორგანიზებულობა. დონის სიმაღლეც, მაგრამ არა ისეთი, მხოლოდ გარედან რომ იბრწყინოს….

ჭიქა! შამპანური! ან თუნდაც ღვინო! :ორაზროვნება:

Categories: ფილმი | Tags: , , , , , | დატოვე კომენტარი

და თქვა

სამარიტელი

სამარიტელი

შესავლის მაგიერ

ყველაფერზე ხომ არ დავწერ-თქო და გავზარმაცდი. ბლოგს ათასში ერთხელ თუ მივაქცევ ყურადღებას და ისიც მაშინ, როდესაც ვინმე პოსტს მოიწონებს ან ბლოგს მოედევნება. ხანდახან ვორდპრესი თავისი რეპორტებითც მახსენებს თავს, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე წერითი აქტივობისთვის.

წერას სულ სხვა რამ სჭირდება: სათქმელი, განწყობა, მოცლილობა … და სიზარმაცის უკუგდება, რა თქმა უნდა.

თავი I. რელიგია. რელიგიის ისტორია და მორალი

მახსოვს, სკოლაში ერთი საგანი ისწავლებოდა, რომელსაც რელიგია ერქვა. ერის საუბედუროდ და ეკლესიის მამათა საბედნიეროდ, საგანი მხოლოდ ქრისტიანობას მოიცავდა და როცა აზროვნება დავიწყე, ყოველთვის მიკვირდა, რატომ ერქვა მას რელიგია და არა ისეთი სახელი, რომელიც ნათლად გამოხატავდა მის არსს. მაგალითად: ,,სწავლება ბიბლიის შესახებ’’, ,,ქრისტიანის ცხოვრება’’ ან ,,ბიბლიური მითოსი’’ – საგანი ხომ სწორედ ბიბლიის განმარტებებს და მისი პერსონაჟების საგმირო საქმეებს მოიცავდა და არა მსოფლიო რელიგიებს.

ვსწავლობდით წმინდანთა ცხოვრებებს, ტანჯულ და თავგანწირულ ადამიანთა ქმედებებს, ქრისტიანობის დევნასა და იმას, თუ როგორ მოგვიტანეს წინაპრებმა საკუთარი რელიგია ამ დრომდე და როგორ შეინახა ამ რელიგიამ ქართველობა.

სინამდვილეში, ქრისტიანობა ებრაელთა შორის გაჩნდა და თავდაპირველად იგი ისეთივე სექტა იყო, როგორიც ფარისევლობა (ლევიტელობა ან სხვა) იყო იმ დროს, ახლა კი მორმონობა, იეჰოვას მოწმეობაა.

ქრისტიანობით ფართო ბაზარზე გავიდა იუდეველთა რელიგია – ბრჭყვიალა ქაღალდით შეფუთული, ახალი სახით. ახალი სექტის მშობელი, ეყრდნობოდა რა ძველ რელიგიას, უპირისპირდებოდა მრავალღმერთიანობას, ძველ მიმართულებას, ნაწილობრივ და ფუძის პრინციპების შეცვლით სამოთხეში დაბრუნების, სულიერი ცხოვრების იდეა შემოიტანა. ეს ღმერთთან შერიგება იყო.

შემქმნელის მიცვალების შემდგომ ქრისტიანობამ მრავალი სატანჯველი და ურთულესი გზა გაიარა. მიუხედავად მისი კონცეპციით მოსაუბრე ადამიანებისა, მისი ჭეშმარიტი შემნახველი არავინ ყოფილა. ბევრ ერში ქრისტიანობა გახდა სწორედ ტაძარი იმ ბაზრობისა, რომელსაც ქრისტე ასეთი გულმოდგინებით ებრძოდა. მორალი, რომელიც სიყვარულის, სიხარულისა და შვებისმომტანი უნდა ყოფილიყო, ფეხქვეშ გაითლა იმათგან, ვისშიც ეს მორალი შინაგანად უნდა ყოფილიყო (შინაგანი მორალის არსებობა კი საჭიროს აღარ გახდიდა ისეთი ჯაჭვის შექმნის აუცილებლობას, როგორიც რელიგიაა).

თავი II. ქართული ქრისტიანობა

დიდი ისტორიის, დამკვიდრებისთვის ბრძოლის მიუხედავად ქრისტიანობამ ვერ დაამკვიდრა ის ჭეშმარიტი მიმართულება ქართულ რეალობაში, როგორიც ის თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. მან მსოფლიოს და საკუთარი ზეგავლენით ირწმუნა იგი როგორც ერთღმერთიანობა უფლის სამსახოვნებით. თუმცაღა, მალევე საჭირო გახდა მფარველი წმინდანებისა და მფარველი ანგელოზების ცნების შემოტანა. ეს უკანასკნელბი ღვთის შექმნილი უსქესო ფრთიანი არსებები (მუშა ფუტკრებისა თუ ჭიანჭველების მსგავსად) არიან. თუმცა, მათაც შეისხეს ადამიანურ წარმოდგენებში ღვთის ხატის, ადამიანის სახე..გაჩნდა ისეთი სიტყვათშეთანხმებები, როგორებიცაა: ,,ანგელოზის სახე გაქვს’’, ,,ჩემო ანგელ’ოზო’’ და სხვა. ანუ ანგელოზმა ქვეცნობიერში სქესიც შეიძინა (ეს მოვლენა, ,,ანგელოზთა შეცნობა’’ უკანასკნელი წვეთი იყო ღმერთისთვის ლოტის მითში).

რაც შეეხება წმინდანებს, მათ ჩაანაცვლეს ის ძველი ღმერთები, რომლებზეც ლოცულობდნენ ქართველები. თავდადებული, ასკეტურად მორწმუნე ადამიანები გახდნენ იმ პროფესიის მფარველები, რომლებსაც მიწიერ ცხოვრებაში მისდევდნენ. შემდგომში ღრეობებისა და მილოცვებისთვის (უფრო მეტად კონკრეტულ დღეს კონკრეტული სახელის მქონე ადამიანთა პატივისცემისთვის და მეტი სიყვარულისთვის) შეიქმნა წმინდანთა დღეები: მარიამობა, ანაობა, თამარობა, დავითობა და სხვა. ქრისტიანობა ისევ წარმართული ღმერთების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და დღემდე ასე რჩება (არამარტო საქართველოში).

ქართული ქრისტიანობა, ან უკეთ რომ ვთქვათ, ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანობა, წარმართობის მარწუხებთან ერთად მოექცა პირადი მატერიალური კეთილდღეობის კლანჭებშიც. საკმაოდ პოპულარულია გამოთქმა ,,ხატზე გადაცემა’’ ან მისი მსუბუქი ალტერნატიული ვარიანტი ,,დაწყევლა’’. მართალია, იგი ცოდვად ითვლებაუბრალო მოკვდავთათვის, მაგრამ არც თუ ისე იშვიათად მიმართავენ მას. ამით ძირითადად ურჩ ადამიანებს ან მტრებს აშინებენ (,,გიყვარდეს მტერი შენი”).

თავი ყველა. სხვანაირი ქრისტიანობა

როგორც ვხედავთ, ქრისტიანობა მოირგო ადამიანმა და არა პირიქით. იგი დღესდღეობით მატერიალური კეთილდღეობის რელიგიაა და არა უპოვართა სასოების, სულიერ სამყაროში ცხონების. აღსანიშნავია, რომ იგი თანდათანობით დაემსგავსა მისთვის საძულველ ერთ-ერთ უდიდეს სექტას, ეიჰოვას მოწმეობას.

ქართულმა მართლმადიდებლობამ შეცვალა ბრძოლის ტაქტიკა ,, უღმერთოთა’’ მიმართ – მომღიმარი სახით, ტკბილი ხმით და თბილი მზერით ლანძღავენ მათ პირისპირ, შეფარვით. დაბალი ტემბრით გამოჰყავთ წყობილებიდან (გაუწონასწორებლობა და სიმშვიდის შეუნარჩუნებლობა სხვა ადამიანური სისუსტეა) შეურაცხყოფის მიყენებით და მერე თავს მსხვერპლად აჩვენებენ. საკუთარ ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ამბიონზე, საიდანაც აშკარად იგრძნობა მრევლზე მაღლა დგომა, ძალაუფლება და მათზე ზეგავლენა, ღვარძლითა და ზიზღით მოიხსენიებენ ამ ადამიანებს. მწვალებლებს.

თესენ უკეთურებას კაცთა შორის და შემდგომ მორალს უქმნიან და მიმართულებას აძლევენ, როგორ უნდა იცხოვრონ. მორალს, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს თავად ან გამოიმუშაოს აღზრდის პროცესში საკუთარი შეგრძნებით და არა ინსტინქტებისა თუ ქცევების დონეზე. საკვირველია, რომ თავმდაბლობა მხოლოდ თავის დაბლა დახრას ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით და ამ დაბლადახრილი თავით სიარულს.

ამბავი ეპილოგის მაგიერ

წვერის გაპარსვა და თმის შეჭრა ჭირის დღესავით მეზიზღება. სადალაქოში დალაქთან  სკამზე ჯდომა… კარგი, ჰო (დალაქობას ხამუშობენ). სტილისტთან სილამაზის სალონში ჯდომა არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან აუცილებლობის ნიადაგზე შევივლი ხოლმე. მდუმარედ ვზივარ ეკლებზე და ერთი სული მაქვს, როდის გამოვიქცევი იქიდან.

იმ დღესაც ასე იყო. ვიჯექი და საკუთარი თავის ცვლილებას ვაკვირდებოდი, ხანაც თვალებს ვხუჭავდი, როდესაც უკნიდან ქალთა საუბარი მომესმა:

დამლაგებლის საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის გამოკვლევის შემდეგ თმაზე საღებავგასაშრობად მოკალათებულმა ქალმა პირველხსენებულს დახმარება შესთავაზა:

– მომეცი უფლება, რომ დედაშენს მოვუარო ან მის მოვლაში დაგეხმარო.

ცოტა უცნაურად მეჩვენა, მაგრამ გამიხარდა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. ადამიანები, რომლებიც სხვის კეთილდღეობაზე ზრუნავენ.

სახეები არ ჩანდა სარკეში, მაგრამ დამლაგებლის სიჩუმემ დამარწმუნა, ჩემზე ნაკლებ გაკვირვებული არ უნდა ყოფილიყო.

– ჩვენ – განაგრძო ქალმა – პატრიარქის ნათლულების მშობლებს დავალება მოგვცა პატრიარქმა. ორი დავალება : ერთი, რომ 7 მარადმწვანე ხე დავრგოთ სადაც გვინდა და მეორე – ამოვირჩიოთ ვინმე ერთი ადამიანი, რომელსაც დახმარება სჭირდება და ვიზრუნოთ მასზე…

– ეგ მადლია, რაღა შორს წავიდეს. უკეთესს ვინ რას შემოგთავაზებს – აჰყვნენ ქალები და დამლაგებელიც დასთანხმდა – ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი.

მე ჩემს თავს ვუღიმოდი სარკეში. სტილისტი ჩემს ნაადრევად გაჭაღარავებულ  თმას დასტრიალებდა. გარეთ მზე იყო კაშკაშა, თუმცა ვერ ათბობდა სათანადოდ გარემოს. სქესიანი ჩიტები გალობდნენ. გაზაფხული იკიდებდა ფეხს. ხმაურობდნენ ადამიანები. მანქანები უფრო.

მორალი, რომელსაც სხვები გვკარნახობენ. სიკეთე, რომელსაც ვსწავლობთ. ქმედება, რომელიც სხვისი აზრია. პირდაპირი პროპორცია: რაც მეტად ვიზრდებით ქართველები, მით მეტად იზრდება ჩვენში ღმერთი.

Categories: საგლეხო | Tags: , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

ტრუსების ღვთისმშობელი

Trusebi
ს. ახმეტელის თეატრში სპექტაკლის – ,,ტრუსები” – პრემიერა 28 თებერვალს გაიმართა. ქართველ მაყურებელს საშუალება ჰქონდა საკუთარი თავი კიდევ ერთხელ ეხილა სცენაზე. პროვინციელი გოგონას თავისუფლებასა და უმანკოებას გარშემომყოფთა ჭორები და დაუკმაყოფილებელი ვნებები, სოციუმში აგრესიით გამოვლენილი,  წამლავს. ნინას (სოფია სებისკვერაძე) მეზობლები – ჭორიკანა და შურიანი ქალებისა და დაუკმაყოფილებელი, ასევე ჭორიკანა მამაკაცების გარემოში უწევს ცხოვრება. მისი ერთადერთი მცველი, პოლიციელი, მწარე რეალობას გვაგრძნობინებს სცენიდან და პირში გვახლის, რომ კანონი მის მხარესაა და არა თვითონაა კანონის აღმასრულებელი. საბოლოოდ, ხდება ისე, რომ ნინა ჟანა დ’არკად იქცევა, წითელი ტრუსი კი მის ხელში თავისუფლების, გაუტეხლობის და დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ.

***

ბელორუსი ავტორის, პაველ პრიაჟკოს პიესის მიხედვით ესტონელი რეჟისორის კალევ კუდუს მიერ დადგმული სპექტაკლი ქართულ რეალობასაც ისევე ასახავს, როგორც ბევრი ქვეყნისას. პირობითია პროვინცია და იქაური ცხოვრება. მისი განზოგადება და მორგება მთელ სამყაროს შეუძლია. პროვინცია და პროვინციული აზროვნება ის საბანია, რომელიც გაწვდომაზე კი არა, ძალით დაფარებაზეა. საბანი ის კლიშეა, დამახინჯებული აზროვნებით რომ მოვიდა, დარჩა და ზაფხულის ხვატშიც მთლიანად გვფარავს. ტრუსებს კი ამ საბნის ქვეშ ყოფნა არ უნდათ.

ტრუსები თავისუფლები არიან შინაგანად. მათი თავისუფლება და ღირებულება ფასის პირდაპირპროპორციულია. ტრუსები არ ნებდებიან სიბნელეს. მიილტვიან სიბნელიდან გამოღწევაზე. არ თაკილობენ ამ თავისუფლებისთვის არც სისხლს, არც თითებს, არც სპერმას… ისინი საუბრობენ, ისინი ჩურჩულებენ, ისინი გვიახლოვდებიან. ჩვენ გვერდით არიან. ტრუსები ჩვენ ვართ. ან ჩვენ ვართ трус-ები. ჩვენი ღვთისმშობელი კი ის უმანკო, უმწიკვლო და დაუმორჩილებელი ნინაა, ასე რომ ვებრძვით.

***

დარბაზში მორიდებული სიცილი ისმოდა. გმირები ბილწსიტყვაობდნენ. ამაზეც ვიცინოდით ხანდახან. მერე უეცრად, საიდანღაც შემოიჭრებოდა მუსიკა. დაგეხორკლებოდა კანი, ბეწვი დაიჯაგრებოდა და ყელში მოწოლილი ბურთი გამოთავისუფლებას გთხოვდა.

მაყურებელმა სათქმელი გაიგო. გაიგო ის, რაც უკვე იცოდა.  თუმცა, დარწმუნებული ვარ, დამსწრეთაგან უმეტესობა მაინც ისე მოიქცეოდა და მოიქცევა, როგორც ნინას მეზობლები.

იმ მაყურებელმა, ვისკენაც სათქმელი იყო მიმართული, ვერაფერი გაიგო. იმიტომ, რომ სპექტაკლს არ ესწრებოდა. ვერ ვიტყვი, რომც დასწრებოდა გაიგებდა თუ არა რამეს, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო და რეკლამა შემდეგი სლოგანით უნდა გაეკეთებინათ:

,,თქვენ ნახავთ სოფია სებისკვერაძის ულამაზეს ძუძუებს”

ანშლაგები და პოპულარობა მერე გენახათ. დონე? დონეს მარტო ერთი სპექტაკლი და თეატრი არ ქმნის.

Categories: თეატრი | Tags: , , , , , , | დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.