გამიტყდა ძილი

რა მეკეთებინა?!

ინტელექტუალური გასართობები გაიქცნენ. ვითვალე ცხვრებიც. შევეცადე, გარკვეული მიმართულებით ბოძების მიმდევრობაც დამეთვალა, ავტობუსის გაჩერებებიც – ლოგინზე გაუნძრევლად მილუსმულს . მერე ჩემი მომავალის ოცნებითმა დაგეგმვარებამ გამიტაცა, ცოტა მოძალებულად ირეალურის. არ გაჭრა.

ჰოდა, მართლა რა მეკეთებინა?! ორიოდე ბლოგზე შევიხედე, მარტივ პოსტებს ვეძებდი გულის გადასაყოლებლად და აზრი რომ ვერ დავატანე, ისინიც გამოვრთე. არც ფილმმა მიშველა. ვცადე კომედიაც, დრამაც, ჰორორიც (რომელიც ყველაზე მეტად მშველის, თუ უხასიათოდ ვარ – დავჯდები, ვუყურებ, გულს გადავაყოლებ და ცოტას დავმშვიდდები), მერე საყვარელი მულტსერიალებისკენ გამიწია გულმა. ვერც მაგათ ქნეს რამე. წიგნსაც მოვკიდე ხელი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არადა, გამიგია, უძილობას შველისო ( :) ).

მერე დავჯექი და პოსტის წერა დავიწყე. როგორი უთავბოლოსი, უინტელექტო, მშრალი და გამოწურული ჭყინტი ყველივით, კი კითხულობთ, ვინც კითხულობთ.

აბა, რატომ დავწერე? გული გადავაყოლე. დროა კარგი სამსახური გამიწიოს. ღამე თავს მათენდება და ამ გამთენიის ჟამს ,,პოლნოებსაც” ხომ არ ვუყურებ?!

P.S.  ხვალ ან ლექციას გავაცდენ, ან ლექციაზე დამეძინება, ან ვიღაც ახლომახლო მოსიარულე შემომეჭმება. თუ არცერთი მოხდა, ესე იგი, მე შემჭამა და გამომხრა ვიღაცამ.

Categories: U-კატეგორიო | Leave a comment

შესვენება

cello34

- ქალი წიგნივით უნდა იყოს, ბიძია, უნდა იდოს გადაშლილი და კითხულობდე – ისე უნამუსო გაფიქრებად კი არა, შენ რომ წარმოიდგინე ახლა, წიგნივით – გინდ იჯდეს, გინდ დადიოდეს, გინდ იწვეს, ან რასაც უნდა აკეთებდეს მას უნდა კითხულობდე. ყოველი ფურცლის გადაშლისას სიმშრალე კი არ უნდა გრჩებოდეს, მისგან სწავლობდე რაღაცებს.

მე ვიკრიჭები, მაგრამ ეს გადახსნილი ტუჩები მისი ნათქვამის დაცინვის მანიშნებელი კი არა, ჩვეულებრივ, როგორც ვიცი, პასუხის არქონისას, ისაა და არაფერი ზედმეტი.  მას რა ეწყინა არ ვიცი.

-ნუ იცინი, ხომ მხედავ, ფხიზელი ვარ – არადა, ალკოჰოლის სუნი მახრჩობს უკვე და მთვრალივითაც ‘ბღუის’ თუმცა, რომ ვთქვა, ერთი სული მაქვს სახლში შევიდე და გავეცალო-თქო, ტყუილს ვიტყვი. ვცდილობ, უაზროდ გაათასებული ღიმილი მოვთოკო და ის პასუხიც, მის ბოლო სიტყვებს რომ უნდა გამოეწვია. – წიგნივით, გადაშალო და იკითხო. იკითხო ცხოვრების ბოლომდე – თავი ჩაღუნა და ნიგვზის ახლადმოტეხილი უფოთლო ტოტი დაყნოსა.

მე მახსენდება მისი ცოლი. ქოთქოთა, ფაშფაშა, აშარი, არც ისე სუფთა ქალი. დილიდან დაღამებამდე ჭორაობაში გაყვანილი დღე. ყავის გაურეცხავი ჭიქები – რიგებად შემოწყობილი სარეცხ ნიჟარას, ახალ დოზამდე რომ არ უწერიათ გარეცხვა. მახსენდება მისი წინსაფარიც, თვეობით უსუფთაო, ხან წაღმა რომ უკეთია და ხან – უკუღმა. არც არაფერში სჭირდება, მაგრამ საქმიანი ქალივით უკეთია ყოველთვის, მეზობლებში გადასვლამდე. ან ხანდახან, სოფლის ბირჟაზეც. საინტერესოსი რა ვთქვა, მაგრამ წიგნად წარმოვიდგინე და ჩემი თანამოსაუბრის ერთფეროვანმა, უინტერესო წიგნმა ლამის იქვე გამათავა. ალბათ, აქ ამოიკითხა რამე უჩვეულო. გაღიმება არ მიფიქრია და არც რამე სხვა აზრს გაუვლია. მშრალად ვიდექი.

წამიერად გამიქროლეს ამ წარმოსახვებმა და მის დაკოჟრილ, გრძელ თითებს, ჭაღარა, მრგვალ, მომცრო ზომის თავს ასევე წამიერად ვავლებ თვალს. რაღაცნაირი პეწი აქვს. მიკვირს, რომ ასე კოხტად დაიარება.

ლოთიაო, სოფელში ამბობენ. მაგარამ ქელეხის და ქორწილის სუფრების მეტად მე გალეშილი არ მინახავს, დღევანდელს თუ არ ჩავთვლით. დილით გადაჰკრავს ერთ პატარა ჭიქა არაყს, და მე თუ მკითხავთ, ასე ყველა უნდა სვამდეს – სხვანაირად ხედავ ყველაფერს, მეტი სიყვარულით.

- მერე, ხანდახან, როცა თვალების დახუჭვა გინდება, შეიძლება მოგბეზრდეს კარგი წიგნი. ან ვიღაცამ გირჩიოს, რომ ასეთი წიგნები კი არ უნდა წაიკითხო, აი, ისეთი, თვითონ როგორსაც კითხულობენ. უეცრად, ხელში ისე აღმოგიჩნდება ეს ნარჩევი წიგნი, ვერც აცნობიერებ და ბიჭოს, ვეღარ იშორებ.

შებრუნდა და წავიდა. არც დამემშვიდობა, არც სხვა უთქვამს რამე. უცნაურად, სწორ ხაზად გაჰყვა გზისპირა ბილიკს და ამ ბილიკთან ჩამავალ ვიწრო, დამშრალ არხში მოისროლა ის ნიგვზის ტოტი. მიდიოდა თავჩაქინდრული, ჩამოშვებული, გაშეშებული ხელებით და ფეხები ისე მიათრევდნენ მის ზემოთ მდებარე სხეულს, როგორც შავოსანი მომლოცველები  საგზალს.

მე არ შემოვბრუნებულვარ სახლისკენ მანამ, სანამ თვალს არ მიეფარა და მერეც, ცოტა ხნით, სანამ დასავლეთით ჩაწითლებული მზის ფონზე გამეფებულმა მყუდროებამ არ გამომაფხიზლა, ვიდექი გაუნძრევლად.

საინტერესოა, სწორი გზა აღმართია თუ დაღმართი? ალბათ, აქაც მიმართულებას აქვს მნიშვნელობა.

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , | 5 Comments

18 მარტი – 2 წელი ვორდპრესთან

Capture

ზედმეტი უყურადღებობის გამო, ბლოგის დაბადებისდღე გამომრჩა შარშან. გამომრჩა კი არა, აღვნიშნე, მაგრამ დაგვიანებით იმის გამო, რომ ზუსტი თარიღი არ მახსოვდა.  ამიტომაც, ვიფიქრე, დაე, 30 მარტს (პირველი პოსტის გამოქვეყნების თარიღს) დავარქმევ ამ სახელს-თქო.

წელს ვორდპრესმა  ითავა, შეეხსენებინა, დღეს იდგა ის დღე, მე რომ პირველად შევდგი ფეხი ბლოგოსფეროში (უფრო სწორად, რაც ეს ექაუნთი მაქვს).

შარშანდელის შემდეგ, რომ ვთქვა, დიდი არაფერი შეცვლილა. ისევ ძველებურად, ნელა ვწერ პოსტებს და თუ მაშინვე არ გამოვაქვეყნე, მერე დრაფტებში ყვინთავენ ცოდვილი სულებივით დიდხანს, დიდხანს, სანამ ერთხელაც ფრთას არ წამოედებიან. ასეთი სისწრაფით ას პოსტამდეც ვერ ავედი, რაც დამეთანხმებით და კარგი არც ბლოგისთვის არის და ჩემს დიდ სიზარმაცეზეც მიუთითებს.

მახსოვს, დიდი ენთუზიაზმით შევუდექი საქმეს, მზად მქონდა, რას და როგორ დავწერდი, მაგრამ მერე თანდათან სულ სხვა ჩარჩოში მოექცა ყველაფერი. მართალს თუ ვიტყვი, ჩარჩოს გარეშე აღმოჩნდა – რაც ცხელ გულზე მომინდება, იმაზე ვწერ, და ერთი კონკრეტულის ირგვლივ ვერასდროს ჯერდება. ამიტომაც იყო, ალბათ, თავის დროზე ფეისბუკის გვერდზე ,,ლაბილური ვექტორის” ცნება რომ გაჩნდა.

ჩვენ მივდივართ, ჯერჯერობით ვაგრძელებთ გზას ერთად და ასეთი ცარიელთავიანიც მყოფნის. მერე ალბათ, დადგება ის დროც, როცა ამაყად წელშიგამართული ივლის, არც პატრონის სიზარმაცეზე იწუწნებს ბევრს, უბრალოდ, უსურვებს მას, მეტი თავისუფალი დროის ქონას თავისთან გასატარებლად.

თქვენ, კი მკითხველებს, როგორც შარშან, ახლაც დიდ მადლობას გიხდით, და მომავალშიც გადაგიხდით (თუ ვიარსებეთ) თითოეული ,გრავტოგრაფისთვის’, კომენტარისთვის, ბლოგ-პოსტების ბჟუტურში დაკარგული თითოეული წუთისთვის და კიდევ რავიცი, ბევრი რამისთვის, მხარში დგომისთვის, მაგალითად.

აი, ასე, მოკრძალებულად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე აღინიშნება დაბადების დღე ბლოგზე, საგლეხოში.

Categories: U-კატეგორიო | 17 Comments

სიკვდილი ისვენებს

თქვენ, როგორც ყველა მოკვდავს, ალბათ, გიფიქრიათ, რა იქნებოდა რომ არ არსებობდეს სიკვდილი. ზოგს ბიბლიური მითები წარმოუდგება თვალწინ, სადაც ყველაფერი ისე კარგადაა, რომ არავინ კვდება, არავინ იტანჯება; ზოგსაც სიკვდილის გაქრობა, უბრალოდ, სიკვდილის გაქრობად წარმოუდგენია და იმითაც ბედნიერია, რომ ცხოვრების ციკლის ეს არასასურველი რგოლი საბოლოოდ ამოვარდება. ზოგიც (ძალიან ცოტა),  შორს წავიდა მასზე ფიქრით. Mors-ის დროებით შეწყვეტაში დაიწყეს ადამიანური, პრაქტიკული პრობლემების ძიება.  პორტუგალიელმა მწერალმა ჟოზე სარამაგომ კი ამ პრობლემებს მხატვრულობა, მცირედი ცინიზმი, განსჯები, რომანტიულობაც მიუმატა. ჩვენს ხელებს მიანება მისი უდიდებულესობა და მისი რუტინული საქმიანობა.

death with interruptions

წიგნი ,,სიკვდილი ისვენებს” (As intermitencias de morte -ალბათ, უფრო სწორი, არამხატვრული თარგმანი სიკვდილი ნაწყვეტებად ან სიკვდილი წყვეტილად იქნება), მთლიანად მოიცავს სიკვდილით შეშინებული ადამიანების, შემდეგ მისი არარსებობით დაშინებულების ყოფას, სიკვდილის ცხოვრებას. სათაურიდან გამომდინარე, როგორც აღვნიშნე, უმეტესობა სიხარულით შეხვდება იმ ცნობას, რომ ამ წუთისოფელში ყიალის მეტი დრო მიეცემოდა, სინამდვილეშიც ასე რომ იყოს. თუმცა, როგორც ვიცით, ყველა დადებითში მოიძებნება რაღაც უარყოფითი და ეს უარყოფითი, ამ შემთხვევაში, არც თუ ისე მცირედია – სიკვდილის პირამდე მისული ადამიანები, უკურნებელი სენით შეპყრობილნი, ტანჯულნი, მიხრწნილებაში გადასულები ამაოდ ელოდებიან ცელის დაქნევას, რომ მათი მწუხარება ერთხელ და სამუდამოდ მოისპოს. მაგრამ ამაოდ.

რაღა გაახარებთ მოხუცებს, რომლებიც მოხუცთა თავშესაფრის სამუდამო ტყვეებად ქცეულან აწ უკვე სამუდამოდ? ან ადამიანებს, რომლებსაც სამარადჟამოდ მოუწევთ თავიანთი წინაპრების მოვლა და აცნობიერებენ, რომ სიკვდილის არდადგომის შემთხვევაში მოსავლელთა რიცხივი მომვლელებს ბევრად გადააჭარბებს მალე? ადამიანებს, რომელთათვისაც დროის მდინარება ჩვეულებრივ გრძელდება, ბერდებიან, მაგრამ არ კვდებიან, ცოცოხლობენ გვამებად? რა უნდა იღონოს სახელმწიფომ, რომელიც მალე ეკონომიკის რღვევის ზღვარზე აღმოჩნდება? ან რელიგიამ, რომელიც თავის არსებობას ერთი რამით – სიკვდილით ამართლებს, ვინაიდან  ის  არანაკლებს სჭირდება, ვიდრე პური არსობისა?

ვერაფრით. ადამიანთა მოდგმა უძლურია მისი უდიდებულესობის წინაშე, მან კი დასვენება გადაწყვიტა. რამდენიც უნდა იკვლიონ მისი კალიგრაფია ლილისფერ კონვერტებში მოთავსებული წერილების (რომლების დაგზავნაც რვა თვიანი პაუზის, უსიკვდილობის შემდეგ ინება) მიხედვით,ვერაფერს დაადგენენ, გარდა იმისა, რომ სიკვდილი ქალია. ასეთი რომანტიული გზაც – წერილების დაგზავნა ადამიანთათვის მათი გარდაცვალების წინ ერთი კვირით ადრე, ამიტომ აირჩია, ალბათ.

საიდანღაც წამოღებული სურათი

ცივ ოთახში ზის განუყრელ ცელთან ერთად. წერს წერილებს.  დღეში ორასზე მეტს. მერე კონვერტში ათავსებს და ერთი ხელის აქნევით აგზავნის ადრესატებამდე. კონვერტებიც წამის უსწრაფესად მიდიან დანიშნულების ადგილებამდე და ადამის მოდგმის ვერც ერთი წარმომადგენელი უკან ვერ აბრუნებს არასასურველ გზავნილს, ვერც ემალება, რადგან სიკვდილისთვის ადამიანის დაბადებიდანვე ცნობილია მისი ყველა ნაბიჯი.

მაგრამ გამონაკლისი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, მაინც მოხდა და ერთადერთი წერილი ადრესატამდე არ მივიდა. ეს კი იმდენად ყურადსაღები ფაქტია, ამაფორიაქებელი და  სიკვდილისთვის იმდენად შეურაცხმყოფელი, რომ მოკვდავთა შორის ჩამობიჯება და მიზეზის გარკვევა ინება. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, აქამდე არასდროს გამოპარვია მის ცელს ადამიასნი კისერი, ახლა კი წერილი უკან ბრუნდება. ვიღაცამ რაღაც მანქანებით შეძლო და წერილი არ მიიღო.

შეერია ადამიანებს, ბახის მეექვსე სუიტას ჩელოსათვის,  თავისი გათვლით, ერთი კვირით, მაგრამ კვირის მიწურულის მომდევნო დღეს, ანუ ორშაბათს, არავინ მომკვდარა.

P.S.  ჟურნალ ‘‘ლიტერატურული პალიტრა”- ს პროექტის ,,ქართულად ნათერგმანები”-ს მეორე (თბერვლის თვის) წიგნი.

P.P.S. პირველის ყიდვა და წაკითხვა ვერ მოვასწარი სამწუხაროდ. მაგრამ ეს პუნქტი აუცილებლად წაიშლება მაშინ, როცამ ამ პოსტის წინ აუცილებლად იქნება პოსტი პირველი წიგნის შესახებ.

Categories: წიგნი | Tags: , , , , | 4 Comments

ახალი გვერდი

როგორ დაკაცებულა!
გაზრდილა.
სულ სხვა შესახედაობა აქვს.
ბავშვური სახე წაუღია ზედმეტად მოხუც ფიქრებს. სიტკბოს ველოდებოდი.
ასეთი არ მახსოვს და ვერც ვიცნობდი, რომ არა ხმა. მართალია, კილო არ აქვს, მაგრამ ,ლ’-ს ისევ ქვემოიმერლებისთვის დამახასიათებლად მოიხმარს.
ღრმა, ფიქრიანი, არაამქვეყნადმყოფი გამომეტყველება.
არადა, სულ 21 თუ 22 წლისაა. ზუსტად არ მახსოვს და კითხვაც მერიდება. მის კარგ მეგობრად ვითვლებოდი ერთ დროს.
მერე მოვიდნენ შემთხვევითობები, აცდენები და ერთმანეთის ამბებს შორიდან ვიგებდით.
წავიდნენ ნათელი დღეები, როცა მშობლები შეფარვით გვაჩვევდნენ დამოუკიდებელ შრომას. გაიყოლეს გარდატეხის ასაკი და ახლა ჩემ თვალწინ 21-22 წლის ჭაბუკის ნაცვლად ახალგაზრდობაგამოტოვებული მოხუცი იდგა.
მხოლოდ კანის აგებულებაზე იტყვის ადამიანი, რომ ახალგაზრდაა. სახის ნაკვთები, გამომეტყველება, მზერა – დაბრძენებული მოხუცის.
ალბათ,ამას გულისხმობდა ნოსტრადამუსი, როცა წინასწარმეტყველებდა მოხუცი ბავშვების დაბადებას. მაგრამ იმას რას გაუგებ. დამშეულის წინასწარმეტყველური სიზრები.
ეს იქით იყოს და ჩვენ რაზე უნდა გვესაუბრა ბანალური მიმოკითხვების გარდა. მომერიდა. მომერიდა მეკითხა, რა დაემართა მის სახეს, რამ გარდაქმნა ასე.
მისი ღიმილიც კი, მრავლისმთქმელი, ასე განუზომელ კივილად რომ შემოიჭრა ჩემში, გაურკვეველ სევდას ასხივებდა.
იქნებ, უნდა მეკითხა. იქნებ წამალი ყოფილიყო მისთვის.
***
,,დასაბამითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო”…

Categories: საგლეხო | 6 Comments

უკვამლო ცეცხლი


ბედნიერების ძიებაში, გატეხილ ღამეებში მოპარული მოულოდნელი სევდა.
უაზრო ეჭვიანობა ადამიანებზე, რომლებიც არასდროს გეკუთვნოდნენ. ადამიანებზე, რომლებიც გიყვარს. ადამიანებზე, რომლებსაც გგონია, რომ ჰკიდიხარ. ადამიანებზე, რომლებსაც გგონია, რომ უყვარხარ.
მარტოობის განცდა. იმ მარტოობისა, საშინელი ტკივილი რომ ახლავს თან. იმ მარტოობისა, სულისშემძვრელად რომ გაზანზარებს და გაშინებს. მარტოობისა, გრიგალივით რომ გარხევს უსუსურობით ათრთოლებული ხის ტოტივით ერთადერთი ნაყოფის წარმტაცებლად.
გავარვარებული, უსაზღვროდ გაფართოებული გულის გაცხოველებული ძგერა ვაკუუმში. მარწუხებად შემოჭერილი ფიქრები.
აფეთქებული ტვინი. გადღვებილი. უმიზნოდ გავსებული სისხლით.
ისევ საზღვარდაუდები სევდა.
The_Scream
სათქმელის დაულეველი უსაშველობა.
სასოწარკვეთა.
გასაქცევი არსადაა.
მრგვალ, ბურთისებურ კედლებში მოქცეული გრძნობა კოსმოსის სიმცირისა.
დამალობანას თამაში უავეჯო, ასანთის კოლოფისხელა ოთახში.
შუქის ჩამრთველ-გამომრთველის ნევროზული თამაში.
ყვითელი ფერი სითბოს გარეშე.
ფეხებთან დაცემული ოცნებების მსხვრევა.
გველივით შემოსალტული სულისშემკვრელობა. ნეტარებით ჩალეწილი ნეკნები. ტკივილისგან დაღლილი, მოდუნებული სასუნთქი კუნთები.
დახეთქვამდე მისული ფილტვები.
უსითბო, უფერო ცეცხლით დამწვარი სხეული. დანახშირებული, ყინულივით ცივი ფეხების განაცრება.
თამაში დასაწყისის გარეშე. უაქტო. უმდინარო.
თითების სიგიჟე.
დაულაგებელი საწოლივით არეული ემოციები. უაზრო სიცილი გამობერილი ძუძუსთავების დახლეჩვამდე.
სამოთხის უაზრობა.
ტვირთი.
სიგარეტი! სიგარეტი…

Categories: საგლეხო, ჩანახატისმაგვარნი | 2 Comments

მივდივარ, ჰო

sadness miki de goodaboom
გაზაფხულისა და ზამთრის ჭიდილში ყურძნის ჭამა მომინდა. შავი ყურძნის. შემოღამების ფერი რომ დაჰკრავს. მარცვლების თითებით გაჭყლეტა და საჩვენებელი თითის ისე ჩაწუწვნა, ბავშვობაში, ერთი ციცქნა ქილიდან რომ ვჭამდი თაფლს.
ყველა საქმეს ვუღალატე. ყველაფერი გადავდე.
ყურძნის წადილი თეთრი მარტინის მოტკბო სირბილემ და ვანილისეულმა სიმსუბუქემ გადაფარა. ღია ფერებად ააჭრელა ოთახი. ათასი ფიქრი, აზრი მიეხეთქა ყრუ კედლებს მდუმარებით და ისევ იმ ადგილს დაუბრუნდნენ საიდანაც მიმოიფანტნენ. ააფორიაქეს და ააშფოთეს იქაურობა.
ოთახის ჩამქრალ შუქს მივენდე. უკუნეთ ღამეს ახლავს ასეთი სიბნელე.
ვიღაც მეორე დგას ჩემს მარტოობაში. ვერ ავუდივარ ტანსაცმლის ცვენას. ოდნავი სიცივე აწვება სხეულს. ეხვევა. ელამუნება და ყველა ცარიელ ადგილს ავსებს თავისი ცივი სიცარიელითვე.
არანაირი ემოცია.თუმცა ვიღაც მეორე დგას ჩემს მარტოობაში. ეს ისე გაუსაძლისს ხდის სიშიშვლეს, მინდება ის მეორე შემეხოს. გამოაძევოს დაუფლებული სიცარიელიდან მყინვარება და გაზაფხულისეული მშიშარა სითბო შემოღვაროს ჩემში. ვუცდი მის შეხებას და წუთიერ თავის კარგვას.
უეცრად ნათდებიან ცის ვარსკვლავებად იმ მეორის თითები ჩემს სხეულზე. მუსიკასავით იღვრებიან. ბრუნვას იწყებენ მნათობები მზის გარშემო.
წარმოსახვით ნისლებად მოსული ყოველი ამოსუნთქვა. საამოდ მწველი მისი ტუჩების ყოველი შეხება.
carole esherwood sadness
მე აქ არ ვარ! საწოლში ვწევარ სადღაც ბავშვობაში და ზღაპარს მიკითხავენ.
ჩურჩულისგან გაგიჟებული ვუჭერ ხელებს იმ მეორის სხეულს და მისი ყოველი გატოკება უარესად მახელებს. ვცდილობ, არსად გამექცეს, არ დამისხლტეს. მომგუდველად ვეხვევი. მსუბუქად ვკბენ.
მერე ყველაფერი ირევა. იბურდება კატის ნათამაშები საქსოვი ძაფივით. ქმედება სრულდება.
ისევ ისადგურებს სიცივე, რაც მაიძულებს ისევ შევიმოსო ხელოვნური სათბური.
ისევ ისადგურებს მარტოობა, რაც ორმაგად მაიძულებს დავტოვო სახლი.
მერე მოდიან მკრეხელური ფიქრები, ხელებს უფათურებენ არფის სიმებად გაშიშვლებულ სულს.
დგება ნაღალატები ჟამი თვითგვემისა სახიდან მოუშორებელი ღიმილით.
მოდის უსიცოცხლო იმედი და იკარგება ისევ ძველებურად იმ დაუდგრომელ კუნჭულში, მხოლოდ მას რომ ძალუძს დგომა.
ვრჩები თეთრი ოთახის თეთრ კარს მიღმა და მერე უკუსვლით მისდის ამ კარამდე მოსვლის ყოველი მოქმედება.
დაქანცულს მეღვიძება შენაცფრისფრებული დილის ფონზე. მხოლოდ ფეხები გაურბიან საწოლის სითბოს, თავი კი ისევ ნეტარებაში ჩაძირვას ცდილობს.
რეალობასთან მხოლოდ ინსტინქტები მაკავშირებს.

Categories: საგლეხო, ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , | Leave a comment

ბროწეულებიანი ქალი და საახალწლო ნუგბარი, სახელი რომ არ ვიცი

corn field

ზაფხული რომ მიიწურებოდა, შემოდგომის სურნელი რომ მოედებოდა ღობე- ყორეებს,  მეზობლის ქალი კი კბილების კაწკაწით რომ შესცქეროდა ჯერ უმწიფარ ბროწეულებს, აი, ის დღეები მიყვარდა ბავშვობაში.

მაშინ ფერადი დღეები იდგა. სიზმარივით. თხილის წკეპლას რაპირად გარდავსახავდი და ვებრძოდი სარეველა მცენარეებად ქცეულ ბოროტ მეომრებს. ვაგებდი რიყის ქვის კოშკებს, ვაგროვებდი ჩიტების ბუმბულებს, კაჟებს, თოფებად ვჭრიდი კაკლის გამხმარ ტოტებს და ჩემი ძმების მიერ გაძარცვულ არსენალს ვუმატებდი. განვმარტოვდებოდი და დიდხანს ვუყურებდი თეთრ, ათასფორმიან ღრუბლებს ან მუქლურჯ ცას. ხანდახან, როცა კოკისპირულად წვიმდა, გავიჭრებოდი ეზოში  და ელ-ჭექის მიუხედავად, დიდხანს დავრბოდი ფეხშიშველი. ვინ იცის, რამდენჯერ მივუტყეპივარ დედას ამის გამო.

ეს იყო ზაფხულს. მერე კი შემოდგომით გაბრუებულს აღარც მახსოვდა ჩემი კოლექციები და სავარაუდოდ, დალაგების პროცესს ეწირებოდა საბოლოოდ ყველაფერი. აღარ მახსოვდა იმიტომ, რომ ყველაზე მაგიური პროცესი იწყებოდა – ყანების რჩევა. აგვისტოს ბოლოს მოჭრილი და ქუბებად შეკოწიწებულ სიმინდის ღეროებზე ჯერ კიდევ არაა  ფოთლები გაცეცხლისფერ-გახუნებული და ათასგვარი ფერადობით ჭრის თვალს. არ მახსოვდა კიდევ იმიტომ, რომ სიმინდის ტაროები იყო იმ ერთადერთი ნუგბარის დამზადების აუცილებელი წყარო, ასე რომ მიყვარდა საახალწლო სუფრაზე.

არ ვიცი, რომელიმე კუთხურ კულტურაში დანამდვილებით თუ არსებობს ეს ტკბილეული, მაგრამ მისი გემო, დაუვიწყარი სურნელი და ჭამის პროცესის გარიტუალება ახლაც ნათლად ახსოვს ჩემს გონებას, მიუხხედავად იმისა, რომ პატარაობის შემდეგ არ მიჭამია. მის მომზადებასაც კი ჯადოქრული ელფერი ედო:

წამოვაქცევდით ქუბებს, გადავშლიდით. დატრიალდებოდა ზღაპრული სუნი და მასში გახვეული ვეძებდი ყველაზე გრძელ ტაროებს. საჩალე მასაში შემალულებს, ზაფხულის ჭყინტ ქურდბაცაცობასა და მდუღარე ქვაბებს გადარჩენილთ, გადავუსვამდი პატარა სარჩევ დანას, ვათავისუფლებდი ზედაპირულისგან, შიგნითა ფურცლებისგან  კი ბოლოზე მარყუჟს ვკრავდი. მერე, სახლში წამოსვლის დრო რომ დადგებოდა, ავაცვამდი თოკზე და კარგი ნანადირევივით წელზე შემოვიხვევდი ორ ან სამ ასხმულას.

სიმინდის ტარო

სახლში მიტანილთ ქარისგან ადვილადმისადგომ ადგილას კიდებდა დედა კარგად გამოსაშრობად. თუმცა, სიმინდის ტაროსთვის  დამახასიათებელი ის  არაჩვეულებრივი სურნელი მაინც არ გადიოდა მიუხედავად იმერული ძლიერი ქარებისა.

კარგად რომ გამოშრებოდა, ჩამოხსნიდა და შინ ინახავდა ფელამუშის მომზადებამდე (ფელამუშს ორგვარად ამზადებენ ჩვენთან: ერთს – მხოლოდ სიმინდის, ხოლო  მეორეს- სიმინდისა და ხორბლის ფქვილით).

მეზობლის ქალს უკვე მზად ჰქონდა ჭურჭელი ბროწეულებისთვის. თასები, ვედროები, შვიდი შვილის (გადავთვალე) აღმზრდელს, რაც გაყიდვას გადაურჩა.

Pomegranate_close_up

დადგებოდა ეს ნანატრი დღეც. გარჩეულ თხილისა და კაკლის გულებს, გოგრის (კვახის) მარცვლებს ააცვამდნენ ძაფებზე და იდგა ერთი ჟრიამული. დედა იღიმოდა. ბებია ათასი სიტყვით გვეფერებოდა, ოღონდაც რამე არ დაგვეშავებინა. მერე გამოვიტანდით სათანადოდ შენახულ სიმინდის ტაროებს და პირველად მათ ვავლებდით ფელამუშში.  ძირს რომ არ დაწუწულიყო, მე და ჩემი ძმები ვისხედით ჩვენი თეფშებით  ოხშივარადენილი ტაროების  ასხმულას გასწვრივ და უსაზღვრო სიხარულით ველოდებოდით იქიდან ჩამოდენილ ფელამუშის თითოეულ წვეთს. თითო ტაროს ორჯერ მაინც ჩააწებდნენ ქვაბში. შემდეგ ნიგვზის დრო დგებოდა, მერე – კვახის მარცვლების და ბოლოს – თხილის. ამ უკანასკნელს, რატომღაც ერთხელ უშვებდნენ ფელამუშიან ქვაბში (ასეთ ჩურჩხელას ჯანჯუხას/ჯანჯუხს ეძახიან იმერეთში) და ამ თხელ ფენაში სათითაოდ, ყოველგვარი ძალისხმევით დაითვლიდით თხილის გულებს. ალბათ, ამიტომაც.

მეზობლის ქალი კი ამ დროს მოიხურავდა შავ თავშალს და დიდი მონდომებით კრეფდა ბროწეულებს. თავისასაც, სხვებისასაც. რომ გეკითხათ, ყურში კარგად არ ესმოდა, თუმცა ბროწეულების კრეფაში ხელს ეს არ უშლიდა. თვალსაც აკლდა, ოღონდ ბროწეულებს კარგად ხედავდა – გახლეჩილებს და წუნიანებს ხელს არ ახლებდა.

სანამ  ქალი შემოდგომის ამ გვირგვინებს ყიდდა, სოფელში შრებოდა ჩურჩხელები, ჯანჯუხები და ის ნუგბარი, სახელი რომ არ ვიცი. ამ უკანასკნელს, გაშრებოდა თუ არა ჩამოვხსნიდით, ტილოში ახვევდა დედა და ტილოშივე გახვეულ კარალიოკის ჩირებთან ინახავდა საახალწლო სუფრისთვის.

ჯანჯუხები

ჯანჯუხები (სურათი აღებულია: tataglonti.blogspot.com)

მერე დადგებოდა ახალი წელი. დაიწყებოდა გაუთავებელი სუფრები. მეკვლეობა. მეზობლიდან მეზობლის სახლში ქეიფი, მღერა და მოლხენა.

აი, იმ მეზობლის ქალს, შავთავშალმოხვეული რომ კრეფდა ბროწეულებს, განსაკუთრებული სუფრა ჰქონდა ყოველი წლის პირველ დღეს. დღემდე არ ვიცი რატომ ან რა მიზიდავდა, მაგრამ მასთან ყოველთვის მეგულებოდა ის მცირე ელემენტი, ასე რომ აკლდა ყველას. ალბათ, უზარმაზარი ოჯახი ან ამ დღის განსაკუთრებული სიყვარული.

Categories: საგლეხო | Tags: , , , , , , , | 7 Comments

შფოთვა

ზალპებად მოაწვა ტვინს ელექტროტალღები. გამოთავისუფლებული ნეირომედიატორები დაჭერობანას თამაშობენ.

ჩემს ერთ ნახევარს სძინავს, მეორე კი ფხიზლად ათვალიერებს აკანკალებულ ხელს.

გულის გამალებული ძგერა მაგრძნობინებს, ყველაფერი ვერაა მთლად დალაგებული. მძინარე ნახევარი თავისკენ ეზიდება ძილგამკრთალ მეორეს. არც ისე ადვილია დაძინება. ვიღაცა პირბასრი დანით მოდის. ჩუმად ვაპარებ მზერას გვერდით მწოლიარე მეგობრისკენ, რომელსაც მშვიდად სძინავს. რატომღაც სულ სხვად მეჩვენება. სახე ახლოს მიმაქვს. სადღაც გამქრალა მისი ცხვირის ფორმა და მის ნაცვლად მრგვალი, ნესტოებფართო მშვიდადმსუნთქავი რაღაც დევს.  ლოყებიც გასუქებულან. თვალები გამალებით დარბიან აქეთ-იქით. ტუჩები ხელებით დაჭერილი საბნის ქვეშაა.

ვიცი, რომ სხვა არ არის. თვალები მეხუჭება. ახლა ანალიზის თავი არ მაქვს, რატომ მგონია, რომ ჩემ გვერდით სულ სხვა წევს.

Tyler Resty -separation anxiety

გული წამიერად ჩერდება. მკერდზე მაჯლაჯუნა მაზის. ჩემი საძილე არტერიის შხუილით გაგიჟებული მისი ხელებით უცნაურ სილამაზეს ვგრძნობ. შეიძლება, უკანასკნელი წამების სილამაზეა ეს. გახელებით დარბიან თვალის კაკალსა და მაგრადდახუჭულ ქუთუთოს შორის წითელი, ლურჯი და მწვანე ლანდები. მიაქროლებენ შავ სკამებს მხედველობის არის იქით. ფონად ფრიალებს ჰორიზონტზე  ინდური ყვითელი სარი. ნათლად მესმის სიცილი. კაცის და რამდენიმე ქალის. ჩურჩულებენ. ჩემკენ მოშვერილ თითებს მწვავედ ვგრძნობ. ვერ ვხედავ. მესმის, როგორ დადიან აქეთ-იქით.  მხოლოდ ერთ მათგანს აცვია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და გრძელი კაბაც. სავარაუდოდ, კოჭებს უფარავს.

მინდა თვალები გავახილო, მაგრამ მისავათბულ ორგანიზმს ესეც არ შეუძლია. გამწარებით ვცდილობ შევებრძოლო, ხელები, ფეხები ავუქნიო და დავაფრთხო. არ გამოდის. მძიმე ვიბრაცია გულზე. ნუთუ, კატა მყავს?!

schizophrenic prayer - PlacidAnemia

ღრმა ჩასუნთქვით ვიღვიძებ. უძირო წყლიდან ახლადამოყვინთული. გადამხტარი კატის ორი უკანა თათის მორტყმას ვგრძნობ. მანამდე – მისი შეშინებული ამოკნავლება. ძირს დახტომის ხმა არ ისმის.  სიბნელე. ფანჯარას მომსკდარი ქუჩის განათება. ისევ გულის გამალებული ძგერა. საწოლი ზანზარებს. ხელები ისევ კანკალებენ. თითებს ტკივილით მომსკდარი სისხლი აკრთობს პულსურად, არათანაბრად, ერთიმეორეს მიყოლებით.

ოდნავ წამომჯდარი ვრწმუნდები გარემოს უსაფრთხოებაში. საწოლი საწოლია, კარადა – კარადა. არცერთი სურათია შავი ხვრელი. არც ტელევიზორის წითლადანთებული პატარა ნათურაა რობოტის თვალი.  არც ჰაერია მესამე პირის არსებობით დამძიმებული. სრული აბსურდია – კატა არ მყავს.

გული არ ცხრება. თავო, იფხიზლე! საათის შორ წიკწიკს მიჰყვება სუნთქვის რიტმი. ვერ ვაბრუნებ. ორივე ხელის ცერ და საჩვენებელ თითებს მაგრად ვშლი მართ კუთხედ. საზღვრის ტკივილამდე. ქანქარისებურად კრთიან.

უბალიშოდ დავდე თავი ლეიბზე, გულდაღმა დავწექი და კოსმიურ სახლზე ოცნებაში ჩამეძინა. ვგრძნობ, რომ რაღაცის მოხრჩობა მინდა. ან იმ პლასტელინის უზარმაზარი გუნდის ზელვა, ყოველღამით რომ მეყლაპება სიზმრებში.

Categories: საგლეხო, ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , | 7 Comments

დეკემბრის სოკო

foto-3801

- დე, სოკოს საკრეფად მივდივარ.

- დეკემბერში?

- ხო. არ იქნება?

- შუადღეა ახლა – გაიღიმა – დილით ადექი ადრე – იცოდა, დილის ძილს არაფერში გავცვლიდი.

დავუჯერე. დეკემბერი კი იყო, მაგრამ არ ციოდა ისე, როგორც სჩვევია. ან მე არ მციოდა. 7 თუ 8 წლის ვიყავი.ბებიასთან ვატარებდი ზამთრის არდადეგებს. სოკოების სახელები არ ვიცოდი, უბრალოდ ერთმანეთისგან ვარჩევდი საჭმელად ვარგისს და შხამიანს. ხოდა, ქამას სხვა დანარჩენისგან.

ტყე ყოველთვის ლამაზია. ნაწვიმარი  განთიადისას განსაკუთრებით. ფოთლებზე მზით აციმციმებული აორთქლებადი წვეთები. ამ დღეს ყველა ბრჭყვიალება ძირს ეცემოდა. ზოგიერთი ფერად ფოთლებსაც იყოლებდა თან.

რა უნდა დეკემბერში სოკოს? ლამისაა ტყის აჭრელებული მიწაც თოვლმა დაფაროს.  გადავატრიალე მთელი ტყე. მივყარ-მოვყარე ფიჩხები, ფოთლები. არ დამეზარა იელის გაქუცული ბუჩქების ძირების გასუფთავება. არაფერი.

რა უნდა დეკემბერში სოკოს? ვინ ეძებს უდროობაში მარადიულობას? ნოემბრის ქარებმა წაიღო ზაფხულისეული სიმწვანე. ტყის იქით, გზის მეორე ნაპირას, ველზე კი დაღვრემილი ცრუ აკაციები ჩანდნენ. მოხუცები.ტანმსხვილები. ათასჯერ გადაბელილი ტოტებით. შეჰყურებდენ ტყის ცამდეაწვდილ ხეებს და მათ შორის ყოფნას ნატრობდნენ. მაგრამ წარმოგიდგენიათ ტყის შუაგულში, სხვადასხვა ჯიშის ხის გარემოცვაში ერთადერთი, გაზაფხულზე აყვავებული ტანდაბალი ცრუ აკაცია? თეთრი, ზამთრისეულ სიცივედ გამოსხმული ყვავილებითა და მწვანე, გაზაფხულის მინდორივით ნორჩი ფოთლებით ტყის მუქ სიმწვანეში. მათრობელა სურნელი. იელის სიყვითლესთან შეზელილი თავის ტკივილი.

Robinia_pseudo-acacia_Robinie

არ არის დეკემბერში სოკო. ხეებზე მიწებებული ათასი სპორადული მცენარე კი, მაგრამ სოკო – არა.  აბედიც კი, ასე რომ მიყვარდა იმხანად მისი უცნაური სურნელი.

ის-ის იყო, სახლში წამოსვლა დავაპირე, რომ სიმწვანემ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ზურმუხტისფერ ქუდს წვიმის ჩამოუწრეტავი წვეთები ალორწოებდა. არც მრგვალი, არც ოვალური, მათ შუა მდგომი ფორმის იყო, ოდნავ დამრეცი. ყველაზე ღრმა ადგილას პატარა პენტაედრის შესახედაობის რაღაც ედო. ხე რომ შეიფერება ამოჭრილი მერქანის ადგილას, იმ ფერის.

არასდროს მინახავს ასეთი სოკო. საოცრად მომინდა ხელის შეხება. მისი ზედაპირის ლორწოს თითებით შეგრძნება. ვიცოდი, შხამიანი იქნებოდა, მაგრამ ხელს ვერაფერს დააკლებდა. სასიამოვნოდ დამიარა ჟრუანტელმა. შემცივნებულს რომ გეღვიძება, საბანგადახდილს.

picture-497

მოკრეფა ვცადე. ბაბუის გაბრაზებული ყვირილი ჩამესმა – ,,როგორ კრეფ სოკოსო” – ისე ნათლად, რომ მიმოვიხედე. არც არავინ. მშრალი ხელით დანა ამოვიღე და მოვჭერი. ადგილი სველი ფიჩხით მოვნიშნე, რომ არ დამვიწყებოდა. გახარებული წამოვედი. მე ხომ შევძელი, დეკემბერში სოკო მეპოვა.

დედამ ცარიელი პარკი რომ დაინახა, გაეღიმა – ,,ვინმემ მოგასწრო ადგომა, ალბათო”. მერე პარკსუკან, ხელში ზურმუხტისფერლორწოიანი სოკო და ჩემი გაცისკროვნებული სახე რომ დაინახა, გაბრაზდა.

- ლამაზია, ნახე. გინახავს ასეთი სოკო?

- არ ვიცი, შეიძლება. ჩვენ ხომ ასეთ სოკოებს არ ვაგროვებთ? შხამიანია და მოგწამლავს. გადააგდე და ხელები კარგად დაიბანე.

- მექნება, რა! ქილაში ჩავდებ. თავს მოვუხუფავ და ხელს აღარასდროს მოვკიდებ.

წიგნების თაროზე შემოვდე საწოლთან. ვოცნებობდი, როგორ წავიღებდი ჩემთან, სოფელში. ღამით მის ცქერაში ჩამეძინა. დილით კი ზოლიან ქილასაც ვერ მივაკვლიე. ზაფხულის არდადეგებზე – უცნაური სოკოს ადგილსაც.

შარშან აგვისტოს ბოლოს ბაბუას საფლავი მოვინახულე. ეს ამბავი გამახსენდა.

სამოთხისებური სიგრილე იდგა ტყეში. მიახლოებით ვეძებდი იმ ძველ ადგილს, მსხვილი წაბლის მახლობლად, მაგრამ წითელქუდა სოკოების გარდა ვერაფერი ვნახე. ვიგრძენი, როგორ გამეჩხირა ყელში ბურთი და ვერაფერს ვშველოდი, ცრემლებად რომ არ ქცეულიყო.

Categories: საგლეხო, ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , | 9 Comments

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.